12:37 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (37)
75 0 0

ელექტრონული ზედამხედველობა პოლიციას დაეხმარება, ეფექტურად ადევნოს თვალი მოძალადის ქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს შეტყობინება მსხვერპლთან მისი მიახლოების შესახებ.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას ოჯახში მოძალადე პირებზე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. 

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია.

საქართველოს პარლამენტმა პარასკევს პირველი მოსმენით განიხილა შსს-ს მიერ ინიცირებული ცვლილებები კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

„საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით გვაკისრია“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

რისთვის არის საჭირო ელექტრონული სამაჯური

საკანონმდებლო შესწორება ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას შემაკავებელი ორდერის აღსრულებისას. ეს ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამეორების თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვას.

მიზანი არის ოჯახურ ძალადობასთან და ოჯახში დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა და მოძალადეებზე დაკვირვების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნა. 

კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გაცემისას, ასევე არაუმეტეს ერთთვიანი ორდერის მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას გათვალისწინებული იქნება წარსულში ძალადობრივი ქმედების ჩადენის, ძალადობისას ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ ოქმი სასამართლოს დასამტკიცებლად გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს.

ელექტრონული ზედამხედველობის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მისგან განზრახ თავის დაღწევა მიჩნეული იქნება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად და, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. 

გარდა ამისა, კანონპროექტი აფართოებს ოჯახის წევრის ცნებას და სიას უმატებს პირს, რომელიც წარსულში იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში, იყო მხარდაჭერის მიმღები ან სამეურვეო პირი.

დამცავი ორდერი გაიცემა ცხრა თვის ვადით, ნაცვლად ექვსი თვისა, მისი მოქმედების ვადას კი სასამართლო გადაწყვეტს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women-ის მხარდაჭერით. ორგანიზაციამ უწყებას უკვე გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით, მამაკაცებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და შეუერთდნენ სოციალურ კამპანიას. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია ძალადობა საჯაროდ დაგმოს ქვეყნის ყველა უწყებამ.

„ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრს მივაღწიეთ. თუმცა ფაქტია, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რადგან ვითარება დამძიმდა. ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია“, – დაწერა გახარიამ თავის Facebook–გვერდზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (37)

მთავარი თემები