თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს ოჯახური ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 4,6 ათას ადამიანს დაეკისრა, მათი უმეტესობა დაკავებულია, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ციციაშვილმა ბრიფინგზე.
შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათასზე მეტ ფაქტზე, მაშინ როდესაც 2018 წელს აღნიშნული ციფრი 5,6 ათასი იყო.
„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციაში მომართვიანობამ, რაც მეტყველებს საზოგადოებაში ნდობისა და ცნობიერების ამაღლებაზე", - განაცხადა ციციაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2019 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით პოლიციამ 10,3 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით მეტია.
ამასთან, აღინიშნა, რომ 2019 წელს გამკაცრდა ორდერის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა და ახლა იგი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულმა ზომამ შეამცირა ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევები. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ იგი დაარღვია ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულთა 4%-მა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აგრძელებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. უწყების ინიციატივით, პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი დანაშაულისგან დაცვისკენ. იგი ითვალისწინებს პოლიციის მხრიდან ელექტრონული მონიტორინგის შესაძლებლობას რეალური საფრთხის შემთხვევაში", - განაცხადა ციციაშვილმა.
რამდენი ქალი დაიღუპა ოჯახური ძალადობის შედეგად
წელი | დაღუპულთა რიცხვი |
2016 | 14 |
2017 | 14 |
2018 | 7 |
2019 | 7 |
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყო. ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახური კონფლიქტების ფონზე ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს ოჯახური „გარჩევების" შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.