თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა მთლიანად მხარს უჭერს და ენდობა გუნდის ქართველ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას. ამის შესახებ კვიპროსის გამოცემა goal.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ანორთოსისის“ ერთ–ერთმა მფლობელმა ხრისტოს პულაიდისმა განაცხადა.
„ყურადღებას არ ვაქცევთ სხვა რას ფიქრობს ჩვენზე. გახსოვთ ქეცბაიას პირველივე განცხადება სეზონის წინ? მან ცხადად თქვა, რომ „ანორთოსისი“ ტიტულისთვის იბრძოლებდა. გვჯერა – რომ არა ასეთი დასასრული, მიზანს მივაღწევდით. თუმცა მაშინ ქეცბაიას განცხადებაზე ბევრს გაეცინა“, – განაცხადა პულაიდისმა.
ის ასევე შეეხო ტრანსფერების თემას და აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხებში არ ერევა.
„ამ კითხვებს მე ნუ დამისვამთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელი მოინდომებს. სიმართლე გითხრათ, მე არც ვიცი და არც მაინტერესებს, ყველას თავისი საქმე აქვს და ჩვენ ქეცბაიასი გვჯერა“, – განაცხადა კლუბის თანამფლობელმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სეზონი ბოლომდე არ ჩაემთავრებინა და კლუბების მიმდინარე მდგომარეობა სატურნირო ცხრილში განეხილა, როგორც საბოლოო. 23 ტურის შემდეგ ორ გუნდს – „ომონიასა“ და „ანორთოსისს“ 46–46 ქულა დაუგროვდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი „ომონიას“ ერგო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონად დასახელდა.
თემურ ქეცბაია: რა განსხვავებაა, მაღაზიაში წახვალ თუ სტადიონზე სავარჯიშოდ>>
ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კვიპროსელების შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი თამაშობს – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.