თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობა დატბორა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება >>
წყალმა შენობაში დაზიანებული სახურავიდან შეაღწია. კლინიკის პერსონალის თქმით, დატბორვა მათ სრულფასოვან მუშაობას უშლის ხელს. მედიკოსების თქმით, მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვა შენობაში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემების გამო კლინიკა ნორმალურად მუშაობას ვერ გააგრძელებს.
„განა შეიძლება, რამდენჯერაც გაწვიმდება, იმდენჯერ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება და მისი სერვერი დაიტბოროს და ჩვენ წყალდიდობის პირობებში მუშაობა გვიწევდეს?!“, - განაცხადა საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.
ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩეს.
ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივმა არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. 2019 წლის ნოემბერში ისინი „ავერსის“ მიერ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ამჟამად ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - სწორედ მან დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღება და დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ფლაგმანია.