თბილისი, 18 მაისი – Sputnik. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ხვალიდან იხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში მკაცრი კარანტინი 22 მაისამდე იმოქმედებს. ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი კარანტინის რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ზუგდიდსა და ბოლნისს უკავშირდება >>
ბოლნისი და მარნეული პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც 23 მარტს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ვინაიდან 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც თანახმადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით - 22 მაისამდე ყველა სახის მიმოსვლა იკრძალებოდა.