ბოლნისში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

გამოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში - დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით - 22 მაისამდე ყველა სახის მიმოსვლა იკრძალება, ნათქვამია მთავრობის ახალ დადგენილებაში, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაწესებულ შეზღუდვებს ეხება.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდგინდა

ბოლნისი და მარნეული პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც 23 მარტს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მარნეულში ხვალიდან მკაცრი კარანტინი იხსნება. ბოლნისში კი დღეს კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შვიდი სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელი გეტას კლასტერიდანაა. სოფელი გეტა, სადაც უკვე 13 დადასტურებული შემთხვევაა, ხვალიდან მკაცრ იზოლაციაში მოიქცევა.

ვინაიდან 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში სწორედ 18 მაისიდან შედის.

ბოლნისში ყველა სახის მიმოსვლის აკრძალვა გულისხმობს:

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე);
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

ადამიანების მაღაზიის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
შეზღუდვები საქართველოში: სამზე მეტი პირის თავშეყრა დაშვებულია, ათზე მეტის - არა

მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

მუნიციპალიტეტში ჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა: სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა.

ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 მაისისთვის >>

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 383 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4233, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0