თბილისი, 9 მაისი - Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.
პოლიტიკოსის თქმით, სამწუხაროდ, გუშინ ერთი ვეტერანი გარდაიცვალა და სულ 370 ადამიანიღა დარჩა საქართველოში ამ ომის მონაწილე და თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში.
„ამ ადამიანებმა თავისი ახალგაზრდობა, თავისი საუკეთესო წლები შეალიეს ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ეს ნამდვილად ძალიან დიდი დღეა მათთვისაც და ჩვენთვისაც და მინდა, რომ ვუსურვო მთელს მსოფლიოს, რომ არასდროს ის საშინელება, რაც 75 წლის წინ დასრულდა, მსოფლიო ხალხებს აღარ გადაეტანოთ. ჩემი დიდი ბაბუა ქერჩშია დაღუპული 23 წლის ასაკში და არც ვიცით სად არის დაკრძალული, შეიძლება აქ უცნობი ჯარისკაცის საფლავში განისვენებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ერთიანი და ისეთი, როგორიც ჩვენს წინარებს უნდოდათ რომ ის ყოფილიყო.
ბურჯანაძემ მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა „ლაპარაკის ნაცვლად საქმეც გააკეთონ“, 370 ვეტერანს ეს დღე ღირსეულად აღუნიშნონ და სამამულო ომის დასრულების 75 წლისთან დაკავშირებით მათ „სერიოზული საჩუქარი მოუმზადონ“.
საქართველოს დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის 370 ვეტერანი ჰყავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს >>>
9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.
საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.