თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად მერიას მთელი რიგი ღონისძიებები აქვს დადეგმილი. ეს არის არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა.
„ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დღეს მსურს გაცნობოთ, რომ ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის, მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. იცით, რომ ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ათეულობით წლების წინ დარგული ფიჭვები უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი უმეტესობა გამხმარია და საჭიროებს ჩანაცვლებას.
„ეს კონკრეტული, დღევანდელი ღონისძიება და შეთანხმება ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხსეზონიანად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პროექტისთვის უკვე გამოყოფილია 16 მილიონი ლარი, რათა მოხდეს არსებული ხემცენარეების ჩანაცვლება და დაახლოებით 700 ჰექტარზე მთლიანად იქნება განახლებული, ჩანაცვლებული და მოწესრიგებული მთაწმინდის ფერდი.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, 2020 წელს ქალაქის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რადგან თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი.