თბილისი, 7 მაისი - Sputnik. დაბა გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა, ასევე მისი ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ექვს პირს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ კობიაშვილს ბრალდება დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების შემდეგ დაუზუსტდა და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ გუდაურის ახალ დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კობიაშვილმა სრულიად უმიზეზოდ 19 წლის მ.უ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. ნაცემმა მ.უ.-მ კი დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც კობიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკოს“ კუთვნილი ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, GLOCK 17-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ.-ს და დ.ს.-ს მისამართით განახორციელა გასროლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 28 წლის თ.გ. ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.
პროკურატურის ინფორმაციით, მერაბ კობიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა და მისი ჯგუფურად ცემის ფაქტზე ექვს პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავად მერაბ კობიაშვილს კი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით აქვს წარდგენილი.