და მაინც სად ჯობს დარჩენა: ხმაურიან და მტვრიან ქალაქში, მაგრამ ცივილიზაციის ყველა სიკეთესთან ახლოს, თუ წყნარ სოფელში - ბუნებაში ფიქრებთან განმარტოებით. ამ საკითხის გარკვევაში Sputnik-ს სპეციალისტები და მოქალაქეები დაეხმარნენ.
„ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ მაინც მიჭირს“
სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელსა და საქართველოში სილამაზის კონკურსების დამფუძნებელს ბევრი იცნობს. სწორედ მისი წყალობით სტუმრობს საქართველოს ყოველწიურად საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ასობით უცხოელი.
თავად მგალობლიშვილს ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა სამსახურის საქმეებზე. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის არა მარტო უმუშევარი დარჩა, არამედ აღმოჩნდა ჩაკეტილი ბეტონის ჯუნგლებში, ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიან კორპუსში, ეზოსა და ბაღის გარეშე.
„კარანტინის გადატანა განსაკუთრებით მიჭირს იმის გამო, რომ 24 საათი ვმუშაობდი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ სახლში არასოდეს ვიყავით, - ყვება ეკატერინე. - ახლა კი ყველა საერთაშორისო პროექტი გადაიდო. ჩემი სამოდელო სააგენტო მარტიდან არ მუშაობს. ყველანი უმუშევარი დავრჩით“.
„ჩვენ ხომ ვერ ჩავატარებთ სილამაზის კონკურსებს ონლაინრეჟიმში ან მეცადინეობებს სკაიპით, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მაგრამ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ის, რომ კორპუსში ვცხოვრობ და გარშემო მხოლოდ შენობებია. არც ეზოა, არც სკვერი“, - ამბობს მგალობლიშვილი.
ქალაქში თვითიზოლაციის ერთადერთი პლუსი, მისი თქმით, არის წამლებისა და პროდუქტების სწრაფი მიტანისა და სამედიცინო დახმარების სწრაფად აღმოჩენის სერვისი.
როგორც ეკატერინე ამბობს, ეს ცოტა არ არის, მაგრამ არც ბევრია იმისათვის, რომ საკუთარ სახლში გამოკეტვა აიტანო.
„ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ მიჭირს, - აღიარებს მგალობლიშვილი. - ალბათ გაცილებით მარტივია მათთვის, ვინც ქალაქგარეთ ან რაიონებში ცხოვრობს. იქ ხომ ბუნებაა, სივრცეა, ჰაერია... მიუხედავად ამისა, ვცდილობ ამ ახალ რეალობას მოვერგო, მოვიფიქრო ონლაინ პროექტები, ვიმოძრაო წინ, მაგრამ ისეთი აქტიური ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ეს მართლაც რთულია“.
„ტყეში ვსეირნობ და ეს კარგი განტვირთვაა“
მარიამი პროფესიით სტომატოლოგია. თავად თბილისში მუშაობს. მაგრამ მისი ოჯახი ბაზალეთის ტბასთან ახლოს, დუშეთის რაიონში ცხოვრობს. ქალაქისგან მოშორებულ ამ რაიონში კარგი ბუნება და სიგრილეა. რაც მთავარია, არც ისე ძვირია. ამიტომ თბილისელებს ბაზალეთისკენ გასეირნება ძალიან უყვართ.
თუმცა პანდემიის გამო თბილისელებსაც და ტურისტებსაც კურორტებზე უარის თქმა მოუხდათ. მარიამს, შეიძლება ითქვას, გაუმართლა: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მან ოჯახთან გამგზავრება გადაწყვიტა.
„უნდა ამერჩია: ქალაქში დავრჩენილიყავი და მომეცადა, ვიდრე ეს ყველაფერი დასრულდებოდა თუ სოფელში წავსულიყავი. - იხსენებს მარიამი. - ბოლოს არჩევანი მეორე ვარიანტზე გავაკეთე. აქ მაქვს ჩემი საყვარელი ბაღი, ყვავილები, მყავს ცხოველები - კატები და ძაღლი. მათთან ერთად ვსეირნობ ტყეში, მინდორში. ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა“.
მარიამის აზრით, კარანტინის გადატანა ქალაქში, ოთხ კედელში, ბევრად გაუჭირდებოდა ფსიქოლოგიურად. აქ კი გოგონა სახლიდან ყოველდღე გადის, ნებისმიერ ამინდში. კრეფს ან რგავს ყვავილებს, უვლის ეზოს, ცხოველებს, ღობის იქით ესაუბრება მეზობლებს.
სახლში აივანი, მისი თქმით, ყველანაირად მოწყობილია: ჰაერზე მეტი დროის გასატარებლად არის სავარძელი, მაგიდა, წიგნები, ლეპტოპი და ტელეფონი.
„და, რა თქმა უნდა, ცხელი ყავა, ახალი ხილი და ბოსტნეული, - ამბობს მარიამი. - ამგვარად ყოველდღე შეგვიძლია ემოციური და ფიზიკური განტვირთვა მოვიწყოთ. ნაკლებად ვუყურებთ ტელევიზორს. ასე რომ, სახლში დარჩენა, თუ სოფელში ან კერძო სახლში ცხოვრობ, არც ისე რთულია“.
ქალაქგარეთ კარანტინის ერთადერთი ნაკლი, მარიამის თქმით, პროდუქტების, წამლების მიწოდების სერვისის და სწრაფი სამედიცინო დახმარების არარსებობაა.
და მაინც - სოფელი თუ ქალაქი?
მართლაც, ხმაურიან მეგაპოლისს გაუჭირდება სიმწვანეში ჩაფლული სოფლებისთვის კონკურენციის გაწევა. თუმცა თვითიზოლაცია, ფსიქოლოგ დიანა ნიკოლაიშვილის აზრით, თავისთავად ძალიან რთულია - იმისგან დამოუკიდებლად, სად და როგორ მიმდინარეობს იგი.
სპეციალისტის აზრით, თანამედროვე ადამიანი მიჩვეულია სოციუმში ცხოვრებას, ვიდრე განმარტოებით ან ოჯახთან ერთად ყოფნას, მით უფრო, დახურულ სივრცეში. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, სად ვართ ახლა, სოფელსა თუ ქალაქში - ყველას ერთნაირად გვიჭირს, პანდემიის გამო ხომ მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების რიტმი.
თუ სტრესის მოსახსნელად ადამიანებს სჭირდებათ ბუნებასთან კონტაქტი, ქალაქში კი ეს მინიმალურია და მაღალია გაღიზიანების დოზა, სოფელში პირიქით - ბევრი სუფთა ჰაერი და სიმწვანეა, მაგრამ ქალაქურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი აქაც გრძნობს დისკომფორტს და ჩვეული საარსებო გარემოსგან მოწყვეტილობას.
„დღეს ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, - ფიქრობს ფსიქოლოგი. მაგალითად, ადრე, როდესაც კვირაში ხუთი დღე ვმუშაობდით, შაბათ-კვირას შეგვეძლო ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლა და უკან დაბრუნება. დღეს კი ამ არჩევანის შესაძლებლობა არ გვაქვს. ყველანი იძულებული ვართ, გარკვეულ გარემოში დავრჩეთ“.
პანდემიისა და სრული ჩაკეტილობის პირობებში ადამიანებს არ შეუძლიათ მომავლის დაგეგმვა, ვინაიდან ვერავინ, ეპიდემიოლოგებიც კი, ვერ აკეთებენ ნათელ პროგნოზებს. ამიტომ, ფსიქოლოგის აზრით, ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თავი მიუძღვნა აქ და ახლა ყოფნას. ამისათვის კი საჭიროა ყველა ზედმეტი გამღიზიანებლის გამორთვა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი გრძნობების გაგება.
„ადამიანები ამას მოკლებული იყვნენ, როდესაც გიჟურ რიტმში ცხოვრობდნენ მარტამდე. ჩვენ არასდროს გვქონდა დრო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.
ასე რომ, ფსიქოლოგის პირველი რეკომენდაციაა - საკუთარი თავის, სხეულისა და ემოციების მოსმენა და უკვე შემდეგ მათი სწორად გამოხატვის გზების პოვნა.
„მაგალითად, თუ ჩვენ ვბრაზობთ, არ უნდა ვეცადოთ ამ სიბრაზის ღიმილით დაფარვას, სოციალურ ქსელში ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, სადაც ყველაფერი კარგადაა, არამედ თავს ცოტა ხნით მოწყენის უფლება მივცეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ქრება ამ გრძნობაზე შინაგანი მოთხოვნილება“, - აღნიშნავს სპეციალისტი.
ვარჯიში მოწყენილობის წინააღმდეგ
ფსიქოლოგი მკითხველს უზიარებს ძალიან ეფექტურ ვარჯიშს, რომელიც ადამიანს თვითიზოლაციის პერიოდში და ემოციების ჰორმონალური ფონის გადატვირთვაში დაეხმარება.
როდესაც ადამიანი მოწყენილია, გამოიყოფა მელატონინის ჰორმონი, რომელიც უნდა გადალახო, დახარჯო, რათა უფრო დადებით, პოზიტიურ მდგომარეობაში გადახვიდე. ამიტომ, როდესაც მოიწყენთ, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. უნდა განმარტოვდეთ, წამოწვეთ 15 წუთით, დაიფაროთ პლედი და უბრალოდ თავს მოწყენის, თუნდაც ტირილისა და თავის შეცოდების უფლება მისცეთ.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ტირის, ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება. მათი მიზანი კი ადამიანის მოწყენილი მდგომარეობიდან გამოყვანაა. ამ ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ადგომა, შუქის ანთება, მხიარული მუსიკის ჩართვა, ხტუნვა ზევით აწეული ხელებით. შეიძლება მარშით სიარულიც.
„როდესაც სხეული ასეთ მდგომარეობაში გადადის, გამოიყოფა სეროტონინი - ის მაშინვე წალეკავს მთელ მოწყენილობას და იწყებს ადამიანის სხეულის, შესაბამისად, მისი ფსიქიკის, გადაყვანას სიხარულის მდგომარეობაში“, - ამბობს ნიკოლაიშვილი. ადამიანს უბრალო რამეც ახარებს: უხარია, რომ შეუძლია ოჯახის წევრებთან ჩახუტება, მეგობრებთან დარეკვა, ყავის მოდუღება და მისი არომატით ტკბობა, ცაში ყურება, ჩიტების გალობის მოსმენა და ღრმად სუნთქვა.
ყველაფერი მარტივია: ადამიანები თვითიზოლაციაში უნდა ეცადონ, შეავსონ დეფიციტი, რომელსაც განიცდიან. ქალაქელები შეძლებისდაგვარად უნდა დაუახლოვდნენ ბუნებას, სოფლებში მყოფებმა კი დააფასონ თავიანთი უპირატესობა, აქტიურად დაკავდნენ მიწათმოქმედებით, მეურნეობით, შეიძლება დაიწყონ თავიანთი პატარა საქმეც, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდნენ. ადამიანებს მეგაპოლისებში მართლაც არ ულხინთ.
და კარგი რჩევა ყველასთვის: ახლა მნიშვნელოვანია მინუსებში პლუსების პოვნა, საკუთარი თავის მოსმენა და გაგება, ემოციების გამოხატვა და ცხოვრებით ტკბობა აქ და ახლავე. მალე ხომ კარანტინი დასრულდება და ყველანი ვინანებთ, რომ ასეთი შანსი გავუშვით ხელიდან.