ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო მასალები 11 ტომისგან შედგება. საქმეში არ დევს დაზარალებულის ჩვენება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტნე გამსახურდიამ ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით თავს დაესხნენ თბილისში, გალის ქუჩაზე და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ისე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს 5 პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
ვრცელდება ახალი ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს.

სოლოღაშვილმა პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმის საბოლოო მასალებს ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

„საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები. ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
„ცოტნე გააღვიძეს...“- ნახეთ რას წერს სოციალურ ქსელში მისი ძმა

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მასალები 11 ტომისგან შედგება. საქმეში არ დევს დაზარალებულის ჩვენება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტნე გამსახურდიამ ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.

„ვფიქრობ, იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისგებაში არიან მიცემული, არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენები აღნიშნული პირების მიმართ“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

მისი თქმით, ცალკე გამოძიება გრძელდება იმ შესაძლო პირთა მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში.

„იმედი გვაქვს, ამ პერიოდში ცოტნე გამსახურდია შეძლებს ჩვენების მიცემას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ კიდევ ვინმე არის დასასჯელი, გამოვლინდება და დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მაისს ჩაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0