თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ სჭირდება, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით დაესხნენ თავს თბილისში, გალის ქუჩაზე და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ისე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
როგორც მისი მეუღლე ანა ჯაბაური ამბობს, ცოტნე გამსახურდია თურქეთის ამერიკულ კლინიკაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმ-სპეციალისტთა დაკვირვება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.
„ცოტნე გამსახურდია თურქეთში ამერიკულ კლინიკაშია. ის გამოკვლევებსა და მკურნალობას იტარებს. მდგომარეობა არის სტაბილური და არანაირი ოპერაციის გაკეთებას არ საჭიროებს. ორიენტაცია აღებული გვაქვს ერთ თვეზე, დაწვრილებით და დეტალურად კი ამ დღეებში გამოჩნდება“, — თქვა ანა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა განსაზღვრა ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
დაკავებულთაგან ორ პირს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს სრულად აღიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებული პირი ცოტნე გამსახურდიას მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.