თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ძალადობის ზრდის შესაძლო რისკთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაციას მომავალი კვირიდან აფთიაქებსა და მაღაზიებში განათავსებს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამიტომაც, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მკაცრი პოლიტიკის გატარებას.
ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათშორისი კომისია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. კამპანიის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
კამპანიის მთავარი მიზანია შესაბამის ადრესატებამდე იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რასაც სახელმწიფო სთვაზობს ძალადობის მსხვერპლთ, ასევე ძალადობის შესახებ შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა COVID-19-ის კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი - 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.
შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.