თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის პრევენცია და ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახელმწიფოს პრიორიტეტია, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, მასობრივი თვითიზოლაცია და კომენდანტის საათი ზრდის ოჯახური ძალადობის რისკს ქალთა და ლგბტ პირთა მიმართ.
სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგს იწყებს>>
„მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზიულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინო ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე ორი კვირით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ძალადობის რისკის გაზრდასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი რამდენიმე ზომის გატარების წინადადებით გამოდის: პირველ რიგში საჭიროა სპეციალური კამპანიის შემუშავება, რომლის წყალობით ძალადობის მსხვერპლს სრული ინფორმაცია ექნება დაცვისა და დახმარების მოქმედი მექანიზმების შესახებ, ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს „112“ ეროვნული უმცირესობების ენებზე.
ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცველმა უწყებამ დროულად უნდა შეიმუშაოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს მოძალადის განრიდების მექანიზმი.
მუნიციპალიტეტებმა თავშესაფრებთან ერთად უნდა შეიმუშაონ იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
„თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481; აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ ჩვენს თანამშრომელს მურად ჰუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე - 595 80 78 44“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი განაგრძობს იმ გადაწყვეტილებებისა და დირექტივების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით მიიღეს.
საქართველოს შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ ძალადობას ქვეყანაში დანაშაულის საერთო სურათში მესამე ადგილი უკავია.