მისი უდიდებულესობა - ქინძი

CC0 / Pixabay / ქინძი
ქინძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმელთაშუაზღვისპირული წარმომავლობის ერთწლოვანი მცენარე ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი პირველი მწვანილეული კულტურაა და უხსოვარი დროიდან იყენებენ როგორც საუკეთესო საკმაზს და სამკურნალო საშუალებას.

„Кишнец, ქინძი, ქიშნი. ბალახი ესე აღმოსცენდების ერთსა წელსა მზესუჭვრიტის სახედ, რომლისაცა თესლსა იჴმარებენ მასალად საჭმელთა შ(ინ)ა. თესლნი ესე განსხვავდებიან ერთგუართა თუისთა ბალახთა თესლთაგან გურგალის შესახედავითა წვრილის ღმენჭებითურთ ზემოდგან და რღმებითა ღარებითა. გემო აქუს არომატული, გარნა მძიმე, რომელსაცა სუნიცა ეთანჴმების“ - ასე აღწერს იოანე ბაგრატიონი (1814), ძვირფას არომატულ სანელებელს და სამკურნალო მცენარე ქინძს (Coriandrum sativum L.), რომლის სახელი Corian მოდის ბერძნული სიტყვიდან Koris, და, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ბაღლინჯოს ნიშნავს. მცენარეს ბაღლინჯოსებურს უწოდებდნენ მისი მოუმწიფებელი თესლების სუნის ბაღლინჯოს სუნთან მსგავსების გამო. მომწიფებისას თესლში არსებული ეთერზეთები გარდაიქმნება და მცენარე იღებს ანისულის სასიამოვნო არომატს.

© Photo: ID 6689062 / Pixabayქინძი
მისი უდიდებულესობა - ქინძი - Sputnik საქართველო
ქინძი

აყვავებული ქინძი ტრადიციული ეროვნული საწებლების „ტყემლის“ და აჯიკების, დაფქვილი თესლები კი - ქართული კერძების შეუცვლელი ინგრედიენტია და მას „ხმელი ქინძის“ სახელით იხსენიებენ.

მწვანილად გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილები ნორჩი ან ხმელი სახით, სანელებლად - დაფქული, ან მთლიანი თესლი.

წარმოუდგენელია ხორცის, თევზის, ბოსტნეულის და პარკოსნების ცივი და ცხელი კერძები, სალათები, სუპები და ბულიონები, პიურეები, რაგუ, მხალეული და სხვა კერძები ქინძის გარეშე.

ქათმის „ჩაქინძული“ ნათია მონტგომერისაგან - Sputnik საქართველო
ქათმის „ჩაქინძული“ ნათია მონტგომერისაგან

ქინძი პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში. დიდი გამოყენება აქვს თესლს, განსაკუთრებით პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში. ხმელი ქინძი იხმარება საკონდიტრო, ძეხვეულის, შაშხის, ლორის, კონსერვების, მწნილების, მარინადების წარმოებაში.

მსოფლიოში სახელგანთქმული ბოროდინული პურის, ტიურინგული ძეხვის და თურქული შიშ-ქებაბის აუცილებელი ინგრედიენტი შედის სხვადასხვა ქვეყნების სუნელების - ხმელი სუნელის, მასალას, ეთიოპიური ბერბერის, ადვიის, ბაქარატეს, ბოლონიური სუნელის, ზატარის, კარრის, სალამურეს, ფრანკფურტის სუნელის და სხვ. შემადგენლობაში. 

1574 წელს ბერლინში ქინძის თესლებისგან მიიღეს ზეთი, რომელსაც დღემდე ფართო გამოყენება აქვს როგორც კულინარიულ, ისე ფარმაცევტულ და პარფიუმერულ საქმეში.

ქინძარა - Sputnik საქართველო
ქინძარა - ქართული სანელებელი თუ ევროპული სარეველა, რომელსაც ქინძისგან ვერ გაარჩევთ

შუა საუკუნეების ხელნაწერებში, კარლოს დიდის კაპიტულარებიდან სუნელების შესახებ ვიგებთ, რომ პარიზელი მონარქების (კარმელიტების) მიერ ქინძის ბაზაზე შექმნილი სითხე მეტად პოპულარული გამხდარა საფრანგეთში როგორც ტუალეტის წყალი და საგულე საშუალება.

ქართული ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ქინძის თესლს, ნაყენს და წყალს. ქინძის და თაფლისგან ამზადებდნენ ღრძილების და ენის დაავადების წამალს, ქინძის და კვერცხის ცილით - წითელი ქარის სამკურნალო მალამოს, იხმარდნენ სისხლდენის შესაჩერებლად და თვალის ტკივილის დროს, ურევდნენ სამკურნალო მალამოებს და სალბუნებს. სხვადასხვა დაავადების დროს ავადმყოფებს ხშირად ურჩევდნენ ბევრი ქინძით შეზავებული საჭმლის, ან შაქრით აზელილი ქინძის ჭამას და ცივ წყალში გახსნილი ქინძის სმას.

„ქინძი გრილი და ხმელი მესამე დარაჯაშიგა ნაზუქია, კარგი და სისხლსა დასწმენდს, და ქინძისა წყალი რძითა, რომე თვალი ეწოდეს და სტკიოდეს ჩაუშვან დაუამებს, რომე ძარღვებშია ცხლად იყოს მას ერგების და თავსა და ტანშიგა ცხლად იყოს და მძიმედ მას გამოიღებს. და ბევრისა ჭამა ჭკუას აკლებს თუ დანაყო და პურშიგა გაურიო და ხალშიგა და დამწვარსა დაადვა, და მატლსა უშველის და მისი თესლი ღვინითა და თაფლითა მოადუღო და შეასვა და რაც ფერი ჭირია ყველას გამოიღებს და გასწმენდს. თუ აწყინოს მისი ნიშანი ეს არის ენა ჩაუვარდების და თავს ტარაბუა დაესხას“ - ვკითხულობთ ძველ ქართულ ხელნაწერებში.

დავით ბატონიშვილს (XVIII) ქინძის თესლი, წვენი და წყალი ბევრი დაავადების უებარ საშუალებად მიაჩნია: „კაცსა რომე სიცხისა და სიმხურვალისაგან თავი სტკიოდეს და ქინძის თესლი ან ჭამოს და ან დანაყოს და ძმრითა გააყენოს და თავმტკივანსა თავზედა შემოიცხოს, თავის ტკივილს მაშინვე უშველის და მსივანსა ალაგსა ზედა დაიდვას, ყოველს სიმსივნესა გააქარვებს და ტკივილსა და გატეხვასა მაშინვე გაუშვებს“. „კაცსა რომე ცხვირსა სისხლი დიოდეს ქინძის თესლი დანაყონ და ორივე ცხვირი გამოუტენონ, მაშინვე ცხვირსა სისხლს დასწყუეტს“.

ნიახური - Sputnik საქართველო
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

ქინძი მსუბუქი სანელებელია, ამიტომ უფრო ეფექტურია მისი მიღება პროფილაქტიკისთვის, ვიდრე სამკურნალოდ. თესლებში დიდი რაოდენობით არის A, C, P, B1, B2 ვიტამინები, ალკალოიდები, ცხიმოვანი და ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სახამებელი. ამ ნივთიერებების სიჭარბის გამო ფარმაცევტულ წარმოებაში იყენებენ გალენური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების დასამზადებლად, რომლებიც აუმჯობესებს მონელებას და ეფექტურია გასტრიტების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

მცენარის თესლების და მწვანე ნაწილების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ფილტვების და ბრონქების ანთების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მუცლის ტკივილის, კოლიკების, ნევროზების, სტრესის და ისტერიკის, ცისტიტის, ბუასილის, მეტეორიზმის და სხვა დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ნერვული გადაღლილობისას.

CC0 / Pixabay / ქინძი
მისი უდიდებულესობა - ქინძი - Sputnik საქართველო
ქინძი

ქინძის ეთერზეთები ხსნის ნევროლოგიურ და რევმატულ ტკივილებს. ქინძის ზეთს ხმარობენ ლავანდის ზეთის ნაცვლად (ავერინის მალამოს მოსამზადებლად), უმატებენ არომატისა და გემოს გასაუმჯობესებლად სამკურნალო პრეპარატებს, აუმჯობესებს გულის და ტვინის მუშაობას, ამაღლებს მადას, ებრძვის დეპრესიას. ხელს უწყობს საჭმლის შეთვისებას, დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე, აქვს ბაქტერიციდული, შებერილობის საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური, გამაჯანსაღებელი, ამოსახველებელი და ოფლმდენი მოქმედება. ხსნის კრუნჩხვებს და მისი მიღება რეკომენდებულია ეპილეპტიკებისთვის.

როგორ მოვიყვანოთ ქინძი

ქინძის ადგილობრივი, ქართული ჯიშებია „მსხვილფოთლიანი“ და „წვრილფოთლიანი“. საქართველოში გავრცელებულია ყველგან. გვხვდება ველური სახითაც, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებზე. უკეთ იზრდება ზომიერად ნესტიან შავმიწა ნიადაგებზე, უფრო იტანს სიმშრალეს, ვიდრე გადაჭარბებულ სინესტეს.

CC0 / Pixabay / ქინძი
მისი უდიდებულესობა - ქინძი - Sputnik საქართველო
ქინძი

სწავლული მებაღე არჩილ დარეჯანაშვილი გვირჩევს („საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და მოხმარება-შენახვა“, 1895): „ქინძი არ არის ნაზი მცენარე. იგი მოდის ველურათაც მინდვრებში. ითესება მარტიდგან დაწყობული ღვინობისთვემდის, ყოველ სამ-კვირაში ერთხელ. ქინძს როგორც ამოსვლანდის, ისე ამოსვლის შემდეგ უყვარს მორწყვა. მარგვლაც უნდა თავის დროზედ. ზამთრისთვის ქინძს ინახავენ, როგოც კამას. სათესლედ უნდა დაითესოს რაც შეიძლება თხლად. თესლს ინახავენ მშრალ ადგილას. თესლი ინახება ორ-სამ წლამდის. ქინძსაც ხმარობენ მწნილებში, როგორც სუნნელსა და საჭმელში, როგორც სანელსა“.

სინათლის მოყვარული მცენარეა, უყვარს მზის სხივები. დაჩრდილულ ადგილზე ღეროები ნაკლებად იტოტება და მწვანე მასაც იკლებს. მომწიფებული თესლები იოლად იბნევა.

ოხრახუში - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულოსა და საოჯახო აფთიაქის შეუცვლელი ინგრედიენტი - ოხრახუში

მცენარის მოთხოვნილება წყლის მიმართ ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში განსხვავებულია. თესლებს გაღივებისათვის სჭირდება მასის 120-125% წყალი. აღმოცენებიდან აღერებამდე მორწყვას არ საჭიროებს და იტანს ნიადაგის გამოშრობასაც. ინტენსიური მორწყვა სჭირდება ყვავილობისას.

ქინძი ითესება გაზაფხულზე, საადრეო საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების თესვისას მიწის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთანავე, გაზაფხულის ყინვების შემდეგ. ითესება როგორც მობნევით, ისე მწკრივებად. მეტ მოსავალს იძლევა მობნვით თესვისას, მწკრივებად თესვის უპირატესობა ის არის, რომ სათესი მასალა ნაკლები იხარჯება და შესაძლებელია მიწის გაფხვიერება რიგებს შორის.

შეგიძლიათ დათესოთ როგორც საშემოდგომო კულტურა დეკემბრის დასაწყისში. ამ დროს თესლი გამოიზამთრებს მიწაში და ვეგეტაციას იწყებს ადრე გაზაფხულზე, რაც მოსავლიანობას 25%-ით ზრდის.

ქინძი სიცივის ამტანი მცენარეა და თოვლის საფარის ქვეშ უძლებს ხანმოკლე ყინვებსაც (-8 -10 °С). თოვლის საფარის გარეშე ჰაერის ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 10°С ტემპერატურაზე ქვევით, თორემ თესლები ზიანდება და მთლიანად კვდება. შემოდგომაზე დათესილი ქინძის სავეგეტაციო პერიოდი (მასობრივი აღმოცენებიდან კოკრობამდე) 30-40 დღეა, ადრე გაზაფხულზე დათესილის 28-30, ზაფხულში 24-27 დღე.

ვიეტნამური სუპი ფო - Sputnik საქართველო
მონესა და სეზანის საყვარელი კერძები: ბაზელის მუზეუმმა რეცეპტები გამოაქვეყნა

ქინძის მოყვანა-მოვლის წესები

ნაკვეთის მომზადება
     -  ნაკვეთს შემოდგომაზე ათავისუფლებენ მცენარეული ნარჩენებისგან და ამუშავებენ 25-27 სმ სიღრმეზე;

    - 1 ჰექტარზე შეაქვთ 300 კგ სუფერფოსფატი, 200 კგ კალიუმის ქლორიდი, ან სხვა კალიუმიანი სასუქი და 200 კგ ამონიუმის სულფატი;

    - გაზაფხულზე მიწას მსუბუქად ხნავენ 6-7 სმ სიღრმეზე;

    - თესვის წინ ნიადაგში შეაქვთ 100 კგ/ჰა ამონიუმის სელიტრა;

    - ნათესი რომ არ დაიჩაგროს, პერიოდულად წმენდენ სარეველებისგან;

    - მცირე ნაკვეთზე, ბოსტანში საკმარისია ნიადაგის ნაკელით განოყიერება

CC0 / Pixabay / ქინძი
მისი უდიდებულესობა - ქინძი - Sputnik საქართველო
ქინძი

დათესვა
      - ღია გრუნტში ითესება აპრილში, ცივ რეგიონებში მაისის მეორე დეკადაში;

      - როგორც საშემოდგომო კულტურა - დეკემბრის დასაწყისში;

     - გამოირჩევა სითბოს მიმართ ზომიერი მოთხოვნილებით, კარგად იტანს სიცივეს, 4 - 6 °С ტემპერატურაზე იწყებს გაღივებას;

სოკოვანი დაავადებების და მავნებლების თავიდან აცილების მიზნით დათესვამდე თესლებს ამუშავებენ სისტემური მოქმედების კომპლექსური პესტიციდებით: პრევიკური, ვიტავაქსი, რანკო, ვინციტი და სხვ.

ან ახურებენ: თერმოსში ყრიან თესლს, ასხამენ 70-75 ˚С ტემპერატურის წყალს და აჩერებენ 1 საათით.
ნიადაგი მაღალ მოსავალს იძლევა ფხვიერ, კარგად დრენირებულ, ღრმა ჰუმუსიანი, კარგი მექანიკური სტრუქტურის, საკვებით მდიდარ ნეიტრალურ ნიადაგებზე. შედარებით ნაკლებს თიხნარ, ქვიშნარ და კარბონატულ ნიადაგებზე. საუკეთესოა შავმიწა ნიადაგები.
მორწყვა

ულუმბოს ყვავილი - Sputnik საქართველო
უცხო სუნელი, ანუ „ფილოსოფოსების სამყურა“ – ის, რაც არ ვიცით ამ შეუცვლელ სანელებელზე

მორწყვის ნორმაა 3-5 ლ/კვ.მ ზედაპირზე. აქტიური ზრდის ფაზაში 5-8 ლ/კვ.მ, თესლების მომწიფებისას 2-3 ლ/კვ.მ. ირწყვება მზეზე გამთბარი წყლით.
სასუქი
     - ღარიბ ნიადაგებზე საჭიროა NPK სასუქის შეტანა;

     - ფოსფორი და კალიუმი შეაქვთ შემოდგომაზე, მოხვნის წინ, აზოტი - გაზაფხულზე, თესვის წინ;

      ზრდის პერიოდში დამატებითი კვება არ სჭირდება. მისთვის საკმარისია ნაკვეთის მომზადებისას შეტანილი განოყიერება;
დაავადებები
      - რამულარიოზი, ნაცარი, ჟანგა
მავნებლები
      - თესლიჭამია (ქინძის კრაზანა), ქოლგოსნების ჩრჩილი, რწყილები, ბუგრები, კუსებურა, ბაღლინჯოები
წამლობა (საწარმოო მიზნით დათესილ  ნაკვეთებზე)
       - ნაცრის, ჟანგას და სხვა სოკოვანი დაავადებების გაჩენისთანავე ნათესი მუშავდება პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების ფუნგიციდით, მავნებლების წინააღმდეგ - ხანგრძლივი მოქმედების ფართო სპექტრის ინსექტიციდებით.

სვანური სუნელები - Sputnik საქართველო
ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური სუნელები: როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

გაითვალისწინეთ, თუ ქინძის გამოყენება მწვანილად გინდათ (და არა სათესლედ), მისი ინსექტიციდებით დამუშავება დაუშვებელია. მავნებელ-დაავადებებს უნდა ებრძოლოთ ბიოლოგიური მეთოდებით.
ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები
სოკოვანი დაავადებები განსაკუთრებით აზიანებს მცენარეს ჭარბტენიანი ამინდების დროს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

      - თესვამდე ნიადაგის კარგად გაწმენდა ძველი მცენარეული ნარჩენებისგან;

       - თესლის შეწამვლა თესვის წინ;

დაავადების პირველივე ნიშნების დროს (თეთრი ნაფიფქი, მურა ლაქები, ჟანგისფერი წერტილები), შეწამლეთ. ამისთვის გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები: ნაკელი, წუნწუხი, ფერმენტირებული ბალახის წვენი, ხის ნახშირი, შემჟავებული რძის შრატი, ნივრის ნაყენი, ან სოდიანი წყალი;

    - დაავადებული მცენარეები მოთხარეთ და დაწვით;

ბადრიჯანი ნიგვზით - Sputnik საქართველო
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - ვიდეოგაკვეთილი

    - ნივრის ნაყენი და სოდიანი წყალი ეფექტურია მავნებლების წინააღმდეგაც.
თესლის წონა და სათესი ნორმა
     1000 ცალი თესლი იწონის 5,5–8,0 გრამს;

     თესლის წონის გათვალისწინებით სათესი ნორმა განსხვავდება: მობნევით თესვისას 25-30 კგ /ჰა. რიგებად თესვისას - 10-12 კგ/ჰა
წინამორბედი კულტურები და კულტურების მონაცვლეობა
     კარგი წინამორბედებია მარცვლოვანი, მარცვლოვან-პარკოსანი და მრავალწლოვანი ბალახები;

     არ არის რეკომენდებული დათესოთ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს იმავე ოჯახის წარმომადგენლები ეთესა (საერთო მავნებელ-დაავადებების გამო);

თენგიზ კუტალია: ხეხილის წამლობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა - Sputnik საქართველო
ვებრძვით ბაღ-ბოსტნის მავნებელ-დაავადებებს ბუნებრივი საშუალებებით

     დაავადებების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება კულტურების მონაცვლეობა 3-5 წლიანი შუალედებით
თესვის სიღრმე და წესი
     - ითესება მობნევით ან მწკრივებად, მწკრივებს შორის 15-20 სმ დაცილებით, რიგებს შორის 45 სმ             დაცილებით. თესვის სიღრმე 1,5-2,0 სმ.

    - სრულფასოვან ფოთლის როზეტებს იკეთებს დათესვიდან 2 თვის შემდეგ;

    - მჭიდრო ნათესებში საჭიროა გამოხშირვა;

    - დათესვიდან 3-4 კვირაში მცენარეებს შორის 1,0-2,0 სმ დაცილებით გამოხშირეთ - გამოაცალეთ              ზედმეტი, უფრო სუსტი ღერები;

    - სათესლე ინდივიდებზე ფოთლებს არ აცლიან.
მოსავლის აღება
      - თესლები ერთდროულად არ მწიფდება და იოლად იბნევა, ამიტომ მათ შეგროვებას იწყებენ ნაყოფების 60-70% მომწიფებისას
მზა ნედეულის დამზადება და შენახვა
      - თესლის მომწიფებისას ჭრიან 20-25 სმ სიგრძის ყვავილედებს და აშრობენ კონებად შეკრულს, დაკიდებულს, ან ფენებად გაშლილს, ჩრდილში, ან მზეზე. ფოთლებს - თხლად გაშლილს სიბნელეში, ან განიავებად შენობაში. პერიოდულად გადააბრუნებენ, თანაბრად რომ გაშრეს;

Крепость Гонио - Sputnik საქართველო
ტუხტის სახელით ცნობილი ულამაზესი დეკორატიული და სამკურნალო მცენარეები

     - გამშრალ თესლებს წმენდენ ზედმეტი მინარევებისგან (ატარებენ მსხვილ საცერში) და ინახავენ მშრალ, გრილ ადგილზე ქაღალდის პაკეტებში, ტომრებში, ან მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილებში
ვეგეტაციის ხანგრძლივობა და ფაზები
      - ქინძის ვეგეტაციის ფაზებია: აღმოცენება, ფოთლის როზეტის ფორმირება, აღერება (საყვავილე ღეროების განვითარება), ყვავილობა და თესლის მომწიფება.

     სრული სავეგეტაციო ციკლი გრძელდება 80-120 დღე.
მოსავლიანობა
     1,2-2 ტონა/ჰექტარზე.

და ბოლოს, შეგიძლიათ ქინძი სხვა მწვანილებთან ერთად ფანჯრის რაფაზეც გაზარდოთ. დათესეთ 10-15 სმ სიმაღლის ქოთანში 1,5 სმ სიღრმეზე, დააფარეთ ცელოფანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. 1-2 კვირის შემდეგ, როდესაც თესლები აღმოცენებას დაიწყებს, ცელოფანი მოხსენით. ნათესის მოვლა მარტივია, მორწყეთ საჭიროებისამებრ. პირველი ნამდვილი ფოთლების ამოსვლისას ნათესი გამოხშირეთ, მცენარეები კარგად რომ გაიზარდოს. თუ გაქვთ საშუალება, გაზრდილი მცენარეები გაიტანეთ აივანზე, ქარის და წვიმისაგან დაცულ ადგილზე, მზეზე, ან ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილზე. ფესვებში წყალი რომ არ ჩადგეს, ქოთანში მიწა ფხვიერი უნდა იყოს. ამისთვის მიწას ურევენ 1/3 წილ ქვიშას. მიწის გასანოყიერებლად უმატებენ ნაკელს (20 სმ დიამეტრის ქოთანზე  100 გ), ან მინერალურ სასუქს.

ყველა ახალი ამბავი
0