თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, წერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტარი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში Covid-19-ით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი.
„დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის – ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე“, - წერს კობახიძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურებაა.
„ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს“, - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსზე 9 699 ტესტი ჩატარდა, ერთ მილიონ მოსახლეზე ეს მაჩვენებელი 2 431-ს შეადგენს. ამ კუთხით საქართველო ევროპული ქვეყნებიდან უსწრებს მხოლოდ უკრაინას, მონაკოს და ვატიკანს. ტესტირების კუთხით ევროპაში პირველ ადგილს ისლანდია იკავებს - ამ ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 134 716 ტესტი ჩატარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთდროულად 25 ადამიანით გაიზარდა, რაც აგრესიული ტესტირებით უნდა აიხსნას.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.