თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმ მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
ცერცვაძის განცხადებით, ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც, შეიძლება, პერსპექტიული იყოს.
„მე ვისაუბრე პრეპარატ ტოცილიზუმაბზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ბათუმის გამოცდილებაც, როდესაც მკურნალობის დროს ოზონოთერაპია გამოიყენეს. ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით, ინტრავენურად.
„ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ“, -აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სამკურნალოდ სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენებაზეც იმსჯელეს. მათ შორის იყო „პლაქვენილი“, რომელიც ქართულ პროტოკოლში რჩება. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც COVID-19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.