თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ჩვენი წელთაღრიცხვის ორი ათასი წლის განმავლობაში მომხდარ პანდემიებს შორის კორონავირუსის პანდემია ყველაზე ნაკლებად სასიკვდილოა, აცხადებენ Deutsche Bank–ის სპეციალისტები, რომლებმაც საკითხი დეტალურად შეისწავლეს.
კვლევის ავტორებმა გააანალიზეს ყველა ის პანდემია და ეპიდემია, რომელთაგან თითოეულმა, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტების თანახმად, სულ ცოტა, 100 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ექსპერტებმა ერთმანეთს 24 გლობალური დაავადება შეადარეს და გაარკვიეს, რომ COVID-19 ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებათა პირველ ხუთეულში იმ შემთხვევაში შევა, თუ ის 210 მლნ ადამიანს იმსხვერპლებს.
უფრო მეტიც, ახალი კორონავირუსული ინფექცია, კაცობრიობის სხვა 23 დაავადებასთან შედარებისას, მსხვერპლის მხრივ ოცეულშიც არ მოხვდა.
„ათჯერ უფრო მომაკვდინებელი“: გებრეიესუსმა COVID-19 ღორის გრიპს შეადარა>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით მსოფლიო მოსახლეობის 0,002% გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით მას გადაუსწრო 2009–2010 წლების ღორის გრიპმა, როდესაც 203 ათასი ადამიანი დაიღუპა, რაც იმ დროისათვის დედამიწის მოსახლეობის 0,003%-ს შეადგენდა.
თანამედროვეობის ყველაზე სასიკვდილო დაავადებად კვლავ რჩება შიდსი, რომელმაც 1981 წლიდან დღემდე 30 მლნ კაცი იმსხვერპლა (პლანეტის მოსახლეობის 0,57%).
ბოლო ასი წლის ყველაზე მასშტაბურ პანდემიად კვლავ რჩება ე.წ. „ისპანკა“, რომლის მსხვერპლიც 50 მლნ კაცს, ანუ მაშინდელი მსოფლიოს 2,73%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ყველაზე სასიკვდილო პანდემიას ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში, ეს შავი ჭირია, რომელმაც 1347–1351 წლებში მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის 42%, ანუ 200 მლნ ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ხოლო კიდევ უფრო ადრე, 541–542 წლებში შავი ჭირისგან 60 მლნ კაცი დაიღუპა.
Deusche Bank-ის ექსპერტების თქმით, იმისათვის, რომ ამჟამინდელი კორონავირუსული ინფექცია ისტორიის ყველაზე სერიოზული პანდემიების ოცეულში შევიდეს, გარდაცვლილების რაოდენობამ ერთ მილიონს უნდა მიაღწიოს, ათეულში მოსახვედრად მსხვერპლი 38,5 მლნ კაცს უნდა აღწევდეს, ხოლო ხუთეულში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ COVID-19-ით 210 მლნ ადამიანი, ანუ თანამედროვე მსოფლიოს 2,73% გარდაიცვლება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2 629 801 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 183 454 და განკურნებულია 713 537 ადამიანი.