თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში 152 კომპანია დაჯარიმდა საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი ეკონომიკური საქმიანობის წესების დარღვევისთვის, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. აღნიშნული რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება.
23 მარტიდან 17 აპრილამდე დარღვევებისათვის 152 მეწარმე 1,14 მილიონი ლარით დააჯარიმეს. აქედან 83 ფაქტი დაფიქსირდა თბილისში, 69 - რეგიონებში.
ჯარიმები გამოწერილია ადმინისტრაციული წესით სოციალური დისტანციის დარღვევის, ასევე პირბადეებისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის.
დაჯარიმებულებს შორის არის როგორც ჰიპერმარკეტები, ისე საშუალო და მცირე მაღაზიები. დამრღვევებს შორის არის სამი კომპანია - ბაზრის ორგანიზატორი.
საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება >>
მობილური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანიების მიერ ახალი წესების შესრულებაზე. კონტროლში მოიაზრება იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ თავიანთი საქმიანობა უნდა განახორციელონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით არის დაწესებული.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 394 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 86 უკვე განიკურნა, ხოლო ოთხი გარდაიცვალა.