თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„ქრისტე აღდგა“ - საქართველოს პირველი პირები მოსახლეობას აღდგომას ულოცავენ >>
პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია.
„აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, წმინდა ზიარებით“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
ილია მეორე ეპისტოლეში ზიარებისა და აღსარების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, რომ წმინდა ზიარება ზეციური საკვებია.
„წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს“, – ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქის თქმით, აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი პრობლემები არ შეექმნება
„მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან“, - ბრძანა ილია მეორემ.
მან ასევე მადლობა მოუხადა მრევლს რეკომენდაციების დაცვისთვის და დალოცა ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლეს.
„არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას. აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები. მინდა, ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ“, - ბრძანა პატრიარქმა.
საქართველო, ძალიან მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მთავრდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.