თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ბათუმში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის შვიდ საათზე დაიწყო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ღამის სააღდგომო ღვთისმსახურება სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე მხოლოდ მონასტრებში ჩაატარეს, ხოლო მორწმუნეთათვის ტაძრების კარები მხოლოდ კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ გაიღო.
უმრავლესობა ტაძრების ეზოებში იმყოფება და დადგენილ დისტანციას იცავს. ეკლესიებში უშვებენ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ტაძრის სიდიდის მიხედვით.
როგორც ადრე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, ასეთი შეთანხმება საპატრიარქოსთან ერთად იყო მიღწეული.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან აღდგომის ღამეს ტაძარი და ეზო მრევლს ვერ იტევს. მრევლი ტაძრის გარეთაც იყო შეკრებილი. ანალოგიურ სიტუაციაში შეუძლებელი იქნებოდა დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ ეპარქიის გადაწყვეტილებით, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ დაირღვეს კანონი“, – განაცხადა გორელიშვილმა.
წუხელ ღამით საქართველოში ისრაელიდან სპეცრეისით ჩამოიტანეს წმინდა ცეცხლი, რომელიც ქვეყნის ყველა ტაძარში მიიტანეს.
წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად ისრაელში გაემგზავრნენ, თვითმფრინავიდან არ გადმოსულან. ცეცხლი პირდაპირ თვითმფრინავში აიტანა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 19 აპრილს აღინიშნება.
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში >>
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.