ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო. 18 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 385-მდე გაიზარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 84 კი გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 152-ით გაიზარდა.
ექიმების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ტაძრების ნაწილში წირვა ტრადიციულად ჩატარდება, თუმცა წესები ოდნავ შეიცვლება. მრევლს უნდა ეკეთოს პირბადეები და უნდა იცავდეს ორმეტრიან დისტანციას. ამისათვის ტაძრებში სპეციალური მანიშნებლები გაჩნდა, რომელიც დახაზულია ტაძრების ეზოებშიც, სადაც ასევე იქნება მრევლი.
თუმცა ზოგიერთ ტაძარში დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს. მაგალითად, ერთ-ერთ ტაძარში მრევლს ტაძარში შესვლისას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
თუმცა, არსებობს ტაძრები, სადაც საზეიმო წირვა მრევლის გარეშე ჩაივლის. სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მრევლს, აღდგომა სახლში გაატაროს.
სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.
„წმ. სამების საკათედრო ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სააღდგომო წირვაზე მედიის წარმომადგენლების დასწრება გარკვეულწილად შეიზღუდება. წირვა გადაიცემა პირდაპირი ეთერით, რაც ყველას აძლევს საშუალებას, თვალ-ყური ადევნოს სადღესასწაულო მსახურებას“, – განაცხადეს საპატრიარქოში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. ტაძარში 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, ხოლო 23:00 საათზე მიბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
მოწოდებები და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები
დარღვევების აღსაკვეთად ტაძრებთან იმორიგევებს პოლიცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით მკაცრად დასჯის დამრღვევებს.
ამ დროისათვის საქართველოში მოქმედებს არამარტო კომენდანტის საათი, არამედ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა.
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეოთათბირზე შეკრიბა და ადგილებზე მკაცრი მონიტორინგი დაავალა.
ხელისუფლების წარმომადგენლები და კულტურის მოღვაწეები შაბათს აქტიურად მოუწოდებდნენ მრევლს სახლში ლოცვისა და ეკლესიებში წასვლისგან თავშეკავებისკენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის ღამეს ფანჯრებთან ანთებული სანთლებით შეხვდნენ.
დღეისათვის მოწოდება „დარჩი სახლში“ ყველაზე ხშირი გზავნილი გახდა ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში.
თუმცა, მოწოდებების მიუხედავად, მორწმუნეთა ნაწილი უკვე იმყოფება ტაძრებში, სადაც გაათენებენ მთელს ღამეს, დილის 6 საათამდე.