თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.
„ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971 , ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.