თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისის კლინიკების ექიმებმა COVID-19-ის მქონე პაციენტების შესახებ ანგარიში ჩააბარეს: 190 ინფიცირებულიდან დაახლოებით 30 რეანიმაციაშია, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 84 პირი >>
დღეისათვის კოვიდინფიცირებულებს თბილისში ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ოთხივე დაწესებულება ყოველდღიურად COVID-19-ის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აბარებს.
„უკვე დასტაბილურდა კრიტიკულთან მიახლოებული ორი პაციენტი. მძიმე გვყავდა ხუთი პნევმონიით, ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ სამი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კლინიკაში კორონავირუსზე სულ 45 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 88 პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის დირექტორის თქმით, ექვსი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, იქ კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული, აქედან 11-ს პნევმონია აღენიშნება.
„11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით, რაც არის საყურადღებო, თუმცა არის მართვადი და გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა. ამ 11 პირს შორის არის სასულიერო პირიც, რომელიც ჩვენთან დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მკურნალობს. მდგომარეობა არის სტაბილური, მართვადი და მიმდინარეობს მონიტორინგი სტანდარტულად“, – განაცხადა კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ.
კიდევ 33 პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
„სამივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არც ერთს ჯერჯერობით არ სჭირდება მართვითი სუნთქვა“, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.
თბილისის გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულები რეგიონულ კლინიკებშიც მკურნალობენ, იქ 109 პაციენტია მოთავსებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დროიდან დღემდე ქვეყანაში 385 ადამიანი დაავადდა.
18 აპრილის მონაცემებით, გარდაიცვალა სამი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო. მხოლოდ ბოლო კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 152-ით გაიზარდა.