თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მორწმუნეებს მოუწოდებს, აღდგომის ღამეს ანთებული სანთლებით შეხვდნენ.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს ზეიმობს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოახლოებული დღესასწაულის აღნიშვნის საკითხი საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი გახდა. მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე. დღევანდელ დღემდე მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში უმრევლოდ ჩაატარებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 აპრილს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა აიკრძალა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და მხოლოდ მრევლზე ვრცელდება.
აღდგომის ღამეს მორწმუნეთა ნაწილი, ვინც აპირებს ტაძრებში მისვლას, იქ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ საღამოს ცხრა საათამდე უნდა მივიდეს და ეკლესიაში დილის ექვს საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე უნდა დარჩეს. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზომების გამკაცრება კონკრეტულად ეკლესიას არ უკავშირდება. გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მოქალაქეების მობილობა შეემცირებინათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.