ალექსანდრ ხროლენკო
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წელს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის გადატანის თაობაზე კარგად აწონილი და ოპტიმალურია COVID-19-ის პანდემიის მძვინვარების პირობებში ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. და მაინც, აღლუმის გადავადება მარტივი საქმე არ არის.
რუსეთის პრეზიდენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო აღლუმების გადატანის ბრძანება გასცა, თუმცა არ დაუზუსტებია, რამდენი ხნით. სამაგიეროდ პირობა დადო, რომ სამხედრო საზეიმო ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება მიმდინარე წელს.
ბოლო დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლება იხილავდა 9 მაისის აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას სტუმრებისა და მაყურებლების გარეშე. მაგრამ ვეტერანები, „უკვდავი პოლკისა“ და სხვა მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორები გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გადატანის წინადადებით გამოვიდნენ.
წითელ მოედანზე მთავარი სამხედრო აღლუმისთვის მზადება და ჩატარება - ურთულესი ღონისძიებაა, რომლის მომზადებას რამდენიმე თვე და მილიარდობით რუბლი სჭირდება. არანაკლებ რთულია აღლუმის გადატანა როგორც ტექნოლოგიურად, ისე ფინანსურად.
გამარჯვების აღლუმისთვის მზადებას, ტრადიციულად, აპრილის დასაწყისში იწყებს სხვადასხვა წოდებისა და ჩინის 15 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან.
მწყობრად სიარულში ვარჯიში ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვარში ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე იწყება. ასე მიიღწევა სამხედროების სრულყოფილი წყობა აღლუმზე. ქვეითების გარდა, ვარჯიშობენ სახმელეთო და საავიაციო სამხედრო ტექნიკის ეკიპაჟები.
მწყობრად სვლის ტრადიცია
გამარჯვების აღლუმების ყოველწლიურად ჩატარება არც ისე ძველი ტრადიციაა. დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ მსგავსი ღონისძიებები გაცილებით ხშირად იმართებოდა. მათ შორის იყო შრომის დღე (1 მაისი), ოქტომბრის რევოლუციის დღე (7 ნოემბერი). ალბათ სიძვირისა და უზარმაზარი საორგანიზაციო ტვირთის გამო სსრკ-ს სამხედრო აღლუმები წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა - 1945, 1965, 1985 და 1990 წლებში.
დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ 1945 წლის შემდეგ მთელი 20 წელიწადი არ გამართულა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მოსკოვში.
1947 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 9 მაისი მუშათა დღედ გამოაცხადა (17 წლით) და მხოლოდ 1965 წელს გახდა ეს დღე კვლავ საზეიმო, მოსკოვმა კი „გმირი ქალაქის“ წოდება დაიმკვიდრა.
ისტორიული კოლიზიის ახსნას ცდილობენ რთული საგარეო პოლიტიკური პირობებითა და შიდა პოლიტიკური ვითარებით 40-50-იან წლებში. დაიწყო ცივი ომი, მთელი ძალები და სახსრები ქვეყანამ თავდაცვისკენ მიმართა.
მეტისმეტად დიდი იყო უზარმაზარი დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ომში დაღუპულ მილიონობით მეომართა ქვრივ-ობლები 9 მაისს აღიქვამდნენ, უპირველეს ყოვლისა, ხსოვნისა და გლოვის დღედ. ბევრი ამ დღეს დღესაც ცრემლით იხსენებს. ისტორიკოსები კვლავაც დაობენ ომში დაღუპულთა რაოდენობაზე, ზოგიერთი მონაცემით, სამამულო ომში დაღუპულ საბჭოთა ჯარისკაცთა რიცხვი 28 მილიონს აღწევს.
ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც არ იყო ომის მომსწრე, გადარჩენილი ვეტერანები კი აქტიურ გავლენას ვეღარ ახდენდნენ ახალგაზრდობაზე.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილმა საზეიმო ღონისძიებებმა საზოგადოების გაერთიანების, პატრიოტიზმის გაღვივებისა და საბრძოლო შრომისადმი პატივისცემის ფუნქცია შეიძინა.
რუსეთში აღლუმებმა რეგულარული ხასიათი 1995 წლიდან შეიძინა, სამხედრო ავიაციამ კი საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა 2005 წლიდან განაახლა.
დრო ვერაფერს აკლებს
მოსკოვში 1945 წლის 9 მაისს სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა. ხალხს უბრალოდ უხაროდა, ტიროდა, ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდა.
ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, საბჭოთა ჯარის პარადი 1945 წლის 4 მაისს ჩატარდა. იგი მიიღო ბერლინის კომენდანტმა, გენერალმა ნიკოლაი ბერზარინმა.
მოსკოვში გამარჯვების პირველი პარადი 1945 წლის 24 ივნისს მარშალ კონსტანტინ როკოსოვსკის მეთაურობით გაიმართა. აღლუმი მიიღო მარშალმა გიორგი ჟუკოვმა. მასში მონაწილეობა მიიღო 12-მა თავისუფალმა პოლკმა, 12 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ - საბჭოთა კავშირის გმირმა. დასასრულს კრემლის კედელთან დამარცხებული გერმანულ-ფაშისტური არმიის 200 დროშა დაიყარა.
იმავე წელს, 16 სექტემბერს, საბჭოთა ჯარების აღლუმი ჩატარდა ჩინეთში. ღონისძიება იაპონიაზე გამარჯვებას ეძღვნებოდა.
ერთნაირი აღლუმები არ არსებობს, ყველა რაღაცით გამოირჩევა. ერთ-ერთ გამორჩეული იყო 1995 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე 1945 წლის ისტორიული გამარჯვების რეკონსტრუირებული აღლუმი. 19 მაისს კი მიიღეს ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები ყოველწლიურად იმართება მოსკოვში, გმირ ქალაქებში და სამხედრო ოლქების შტაბების დისლოკაციის ქალაქებში.
სამხედრო პარადები დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდება და მეტად სანახაობრივი ხდება - როგორც ტექნოლოგიურად, ისე პოლიტიკურად. 2005 წელს გამარჯვების 60 წლისთავი აღინიშნა და წითელ მოედანზე პირველად გაიარეს არა მხოლოდ გამარჯვებულებმა, არამედ ვერმახტის ვეტერანებმა, რომლებიც გერმანიის კანცლერთან გერხარდ შრედერთან ერთად ესტუმრნენ მოსკოვს. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 4 ათასმა რუსმა ვეტერანმა და 7 ათასმა მოქმედმა სამხედრო მოსამსახურემ.
2008 წლის მაისში წითელ მოედანზე პირველად გაიარა რუსეთის მძიმე საბრძოლო ტექნიკამ. 2010 წლის 9 მაისის აღლუმში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დსთ-ის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა. სამხედრო მოსამსახურეთა რეკორდული რაოდენობა - 20 ათასი ჯარისკაცი - მონაწილეობდა 2011 წლის აღლუმში და ა.შ.
რაც შეეხება ზეიმის გადადებას, ასეთიც მომხდარა. მაგალითად, 1945 წლის 24 ივნისს ცუდი ამინდის გამო პარადის საავიაციო ნაწილი გაუქმდა. ასევე მოხდა 2017 და 2019 წლებში. გამარჯვებას ეს არ გააფერმკრთალებს.
როცა არ უნდა შედგეს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, ისტორია არ შეიცვლება: 1945 წლის 8 მაისს, 22:43 სთ-ზე, ბერლინის გარეუბანში გენერალ-ფელდმარშალმა ვილგელმ კეიტელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა შტუმპფმა და ადმირალმა ფონ ფრიდებურგმა ხელი მოაწერეს აქტს გერმანიის სრული კაპიტულაციის შესახებ.