თბილისში გაიხსნა დიდი სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ კადრებს გთავაზობთ.
თბილისში, კიკვიძის პარკში დიდი სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გაიხსნა, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
მონუმენტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე რომან შეროზია. თბილისში ქანთარიას ძეგლის დადგმის ინიციატივა ომის ვეტერანებს ეკუთვნის. იდეის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ.
მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია 1920 წელს დაიბადა. 1938 წელს წითელ არმიაში გაწვევამდე კოლმეურნეობაში მუშაობდა. ბრძოლებში 1941 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა, იყო პირველი ბელორუსიის ფრონტის მზვერავი. ბერლინში დროშის აღმართვისთვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წლის 8 მაისის ბრძანებულებით მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში დასახლდა. 1947 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა (1993 წელს). დაკრძალულია მშობლიურ დაბა ჯვარში, სადაც 2015 წელს მას ძეგლი დაუდგეს.