თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისში, კიკვიძის პარკში დიდი სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გაიხსნა, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
„ჩემთვის ძეგლის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვამაყობ იმით, რომ მელიტონ ქანთარიას შვილი ვარ. ის ძალიან კარგი მამა იყო და ძალიან მკაცრად ზრდიდა შვილებს“,- თქვა ძეგლის გახსნაზე მელიტონ ქანთარიას ქალიშვილმა ციალა ქანთარიამ.
უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია იყო უბრალო საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, აღნიშნა მან.
„მელიტონ ქანთარია-საქართველოს სიამაყისა და სიმამაცის სიმბოლოა. მე კარგად ვიცნობდი ქანთარიას და დიდხანს მქონდა მასთან ურთიერთობა. ის უშიშარი და გაბედული მეომარი და ძალიან კეთილი ადამიანი იყო. თანაც, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა“, — ამბობს ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია.
მონუმენტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე რომან შეროზია. თბილისში ქანთარიას ძეგლის დადგმის ინიციატივა ომის ვეტერანებს ეკუთვნის. ამაში დახმარება გაწიეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ.
მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია 1920 წელს დაიბადა. 1938 წელს წითელ არმიაში გაწვევამდე კოლმეურნეობაში მუშაობდა. ბრძოლებში 1941 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა, იყო პირველი ბელორუსიული ფრონტის მზვერავი. ბერლინში დროშის აღმართვისათვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წლის 8 მაისის ბრძანებულებით მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში დასახლდა. 1947 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა(1993 წელს). დაკრძალულია მშობლიურ დაბა ჯვარში, სადაც 2015 წელს მას ძეგლი დაუდგეს.