თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა დღეში – არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა დღე-ღამეში ასს არ გადააჭარბებს.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 336-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74, გარდაიცვალა 3. კიდევ სამი პაციენტი გადმოიყვანეს საქართველოში თურქეთიდან და სომხეთიდან, სადაც მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 494 პაციენტია.
„30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენთან უკვე მეორედ დაფიქსირდა ასეთი მაჩვენებელი, მაგრამ შუალედებში გაცილებით დაბალი მაჩვენებელი გვქონდა. თუ ასს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება. ჩვენ, თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ჯერჯერობით ეპიდემიოლოგებისთვის ზოგი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა მიმდინარეობს დეტალური კვლევა კონტაქტების გამოსავლენად.
„იმ შემთხვევაში, თუ ამ 30 პაციენტს შორის ახალი კლასტერები იქნება, იმედი მაქვს, შევძლებთ, ასე ვთქვათ, მათ შემოსაზღვრას და ინფექციას გავრცელების საშუალებას არ მივცემთ, რათა პროცესმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას სიტყვებით, ამ მომენტისთვის ე.წ. კოვიდ-კლინიკებში 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან 37 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში შეიმჩნევა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შვიდ პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება.
რაც შეეხება მოზარდების, მათ შორის, ცხრა თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ისინი სტაბილურები არიან.
მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.



