თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა დაუდასტურა.
მსოფლიო ღამით: ბოლო მონაცემები, დროებით გათავისუფლებული პატიმრები და ფულადი კომპენსაცია>>
მისი თქმით, სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ მიიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება.
„დადასტურებულია COVID-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. მასთან ერთად კლინიკაში მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული. ვინ არის წყარო, ოჯახის რომელი წევრი, ეს არ არის დაზუსტებული. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები გაარკვევენ“, – განაცხადა სოლოღაშვილმა და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კლინიკა "თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" (TIM) ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო შეიძლება იყოს მედდა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დაავადება ძმისგან გადაეცა, რომელიც მღვდელია, თუმცა ამ ინფორმაციას კლინიკაში ვერ ადასტურებენ.
კორონავირუსის ეჭვით ინფექციურ საავადმყოფოშიც იყო მიყვანილი კიდევ ერთი სასულიერო პირი, თუმცა, საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
„ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი, გადაყვანილი იქნა სხვა განყოფილებაში. როცა ნეგატიურ პასუხებს მივიღებთ ხოლმე, ვიდრე ტემპერატურა აქვს და არ გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სულ სხვა განყოფილებაში, იზოლირებულად იქ განაგრძობს მკურნალობას. დღეს, დილით მას ტემპერატურა არ აქვს და, შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კლინიკა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველომ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები დაკეტა, ხოლო 21 მარტიდან ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა>>
31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.