თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ პირების შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წელს.
2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გაზრახ მკვლელობისთვის და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, - წერია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.
გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა >>
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა.
„საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი“ - ნათქვამია ანგარიშში.