თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნებული მონაცემები კარდინალურად განსხვავდება ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, ნათქვამია ცესკოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე – შსს–ს კომენტარი >>
„მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ ცესკოს პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკო არ ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.
ამგვარად, ცესკო უარყოფს იმ ფაქტს, რომ ეს მონაცემები მათი ბაზიდან არის ატვირთული.
ცეკო ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს არცერთი კიბერინციდენტი არ დაფიქსირებულა.
ელექტრონულმა ჟურნალმა ZDNet-მა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზის გატეხვის შესახებ. გამოცემის თანახმად, ბაზა შეიცავს 4,9 მილიონი ამომრჩევლის მონაცემებს, გარდაცვლილი მოქალაქეების ჩათვლით. პირადი ინფორმაცია მოიცავს სახელს, გვარს, მისამართს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს - სულ 4 934 863 ადამიანს.
პუბლიკაციის ავტორი კატალინ კიმპანუ აღნიშნავს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მესამედზე მეტი არასრულწლოვნებია, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, იყო თუ არა მოპოვებული მონაცემები ფორუმის იმ მომხმარებლის მიერ, რომელმაც ის გამოაქვეყნა.
მომხმარებელი წერს, რომ მონაცემები ცესკოს ოფიციალური ვებგვერდიდან არის მოპოვებული.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფლობენ მომხდარის შესახებ ინფორმაციას და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, საქართველოს ცესკომ კობერუსაფრთხოების მხარდასაჭერად და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისგან (IFES) და USAID-ის საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტოს მხარდაჭერით თითქმის 1,5 მლნ დოლარი მიიღო.