თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პოლიციამ კიბერდანაშაულის სქემა გახსნა, რომლის მიხედვითაც ონლაინ-კაზინოებსა და ინტერნეტ-ბანკებში რიგითი ადამიანების თანხებს თაღლითები ითვისებდნენ, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითებმა 13 ადამიანის პირადი მონაცემების მოპოვება შეძლეს და მათი გამოყენებით უკანონოდ მიითვისეს 42 ათასი ლარი.
სამინისტროს ცნობით, ოთხი ბრალდებულიდან ორი ბათუმში დააკავეს, ორი - თბილისში.
გამოძიების ცნობით, თბილისში დაკავებულებმა ორ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს და 20 ათასი ლარი საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.
რაც შეეხება ბათუმში დაკავებულებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2019 წლის 4 დეკემბრიდან 21 იანვრის პერიოდში ბათუმის ინტერნეტ-კაფეების კომპიუტერების საშუალებით, ონლაინ-ტოტალიზატორის 11 მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, მათი საბანკო ბარათებიდან თანხა ონლაინ-ტოტალიზატორისდ ანგარიშზე, შემდეგ კი საკუთარ ბარათებზე ჩარიცხეს.
დაკავებულები დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 ათას ლარს დაეუფლნენ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლების მეორე ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 157-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფას, ქურდობას, თაღლითობასა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.