თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სამი შემთხვევა ქუთაისში, ზუგდიდსა და საჩხერეში დაფიქსირდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის სამი პაციენტი მკურნალობს. დღეს ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს. მათგან ოთხის პასუხი უარყოფითია, ერთს კი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.
ეს ზუგდიდში კორონავირუსის უკვე მეორე დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დღეს საჩხერეშიც დაფიქსურდა. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და საშუალო სიმძიმისაა.
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 20. კარანტინში რჩება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.
21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი მტრანსპორტის მუშაობა, ტაქსის მძღოლებისთვის მკაცრი რეგლამენტი დაწესდა: ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება. დაიკეტა ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და რუსთავი.
რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია >>
ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გადაადგილებისას თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.
23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონებად გამოცხადდა.