„უზარმაზარი გასაჭირი“: ფიქალური ინდუსტრიის სირთულეები

© photo: Sputnikნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს დონალდ ტრამპის ინიციატივას ფიქალური ინდუსტრიისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

მაქსიმ რუბჩენკო

ახლა დარგის გადარჩენა მხოლოდ ნავთობის ომის დასრულებას შეუძლია. ვაშინგტონმა, რომელსაც ერ-რიადზე ზეწოლის საკმარისზე მეტი ბერკეტი გააჩნია, პრაქტიკულად უკვე მიაღწია საუდის არაბეთის თანხმობას, შეამციროს ნავთობის მოპოვება. თუმცა მოსკოვის გარეშე ბაზრის სტაბილიზება მაინც ვერ მოხერხდება.  

დემოკრატების რევანში 

G 20-ის ვირტუალური კონფერენცია - Sputnik საქართველო
ბევრი ლაპარაკი გადაწყვეტილების გარეშე - რისთვის შეიკრიბა სამიტი

კონგრესმა ენერგეტიკის სამინისტროს უარი განუცხადა თანხის გამოყოფაზე სტრატეგიული რეზერვებისთვის ფიქალური კომპანიებისგან 77 მილიონი ტონა ნავთობის შესაძენად. ამ წინადადებით თვის დასაწყისში დონალდ ტრამპი გამოვიდა. მის ინიციატივას დაუყოვნებლივ მოჰყვა ენერგეტიკის მინისტრ დენ ბრუიეტის შესაბამისი განკარგულება.

„მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა ნავთობს ჰყიდდა რეზერვიდან, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შეევსო, – წერდა მაშინ „ტვიტერში“ ენერგეტიკული სააგენტო Bloomberg-ის წამყვანი კორესპონდენტი ჟავიე ბლასი. – ახლა ფიქალური ნავთობკომპანიები საბადოებიდან ნავთობს მხოლოდ იმისთვის ამოქაჩავენ, რომ ბიძია სემმა ის უკან, მიწაში, სტრატეგიულ საცავებში ჩააბრუნოს და ამას გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარი მოახმაროს“.

წინა კვირაში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ კონგრესს მოუწოდა, მხარი დაეჭირა ფულის გამოყოფის ინიციატივისთვის „რაც შეიძლება სწრაფად, რათა დახმარების ხელი გაეწოდათ ამერიკული ენერგოკომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთვის“.

თუმცა დემოკრატებმა, რომლებიც პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ, არ გაუშვეს ხელიდან შემთხვევა, კიდევ ერთხელ ევნოთ ტრამპისთვის და მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

პრეზიდენტი დანებებას არ აპირებს. Bloomberg-ის ცნობით, თეთრმა სახლმა ენერგეტიკის სამინისტროს მარაგის შესაძენად საკუთარი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა დაავალა.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იაფი ნავთობის შეძენა, – განაცხადა კომპანია Rapidan Energy Advisors-ის დამფუძნებელმა ბობ მაკნელიმ. – კონგრესის მონაწილეობით ან მის გარეშე – სტრატეგიული მარაგი შეივსება. ნედლეულს შევიძენთ მცირე და საშუალო კომპანიებისგან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ“. 

თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს გამოსავალი არ არის. საქმე ისაა, რომ აშშ-ის სტრატეგიულ საცავებში უკვე მობილიზებულია 714 მლნ-დან 634 მლნ ბარელი ნავთობი. ანუ დარჩენილია მხოლოდ 80 მლნ-ის ადგილი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია დღეში მხოლოდ 450 ათასი ბარელის შეძენა ნახევარი წლის განმავლობაში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის გეგმას, განდევნოს რუსეთი ნავთობბაზრებიდან

„მოთხოვნილების შემცირებასთან შედარებით ეს ძალიან ცოტაა, – აღნიშნავს ენერგეტიკის სფეროს ამერიკელი ანალიტიკოსი ჯასტინ იაკობსი. – ამასთან, შეძენა იწარმოებს საბაზრო ფასად, რომელიც დღეს თვითღირებულებაზე ნაკლებია. სრულებით გაუგებარია, როგორ გადაარჩენს ეს მწარმოებლებს“.

ინდუსტრიის მარცხი

თავად მენავთობეებს უკვე აღარაფრის იმედი არ აქვთ. კომპანია Occidental Petroleum-მა წინა კვირაში თანამშრომლებს დაუგზავნა წერილი ანაზღაურების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე.

„ბაზარზე არსებული ვითარება გვაიძულებს, მივიღოთ უპრეცედენტო ზომები, – ნათქვამია გზავნილში. – 1 აპრილიდან თანამშრომლების ნაწილის შემოსავალი 30%-ით შემცირდება, მთავარი მენეჯერებისა – 68%-ით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შემოსავლის 81%-ს დაკარგავს. გარდა ამისა, შემცირდება ბონუსები, სამგზავრო სუბსიდიები და ფიტნესის გადასახადი“.

ზოგმა უკვე დაიწყო სამსახურებიდან პერსონალის გათავისუფლება. უმსხვილესმა ნავთობის მომსახურების ფირმა Halliburton-მა ჰიუსტონში 3500 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ფიქალური Apache ცენტრალური ოფისის შტატს 85 კაცით შეამცირებს. 

„ჩვენ ვამცირებთ ფიქალური საბურღი დანადგარების რაოდენობას ნულამდე და კაპიტალს ჩვენს სხვა პროექტებში მივმართავთ. ამიტომაც მივიღეთ ეს რთული გადაწყვეტილება პერსონალის თაობაზე“, – აღნიშნულია Apache-ის განცხადებაში.

ტრადიციული მოპოვებით დაკავებულ ისეთ გიგანტსაც კი, როგორიც Exxon Mobil-ია, სერიოზული პრობლემები აქვს. „უპრეცედენტო საბაზრო ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, რათა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შევამციროთ კაპიტალური და ოპერაციული ხარჯი“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დარენ ვუდსმა.

ნავთობის კოშკურა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი ნავთობის ბაზრის ჩამოშლისთვის

„წინა ფასების ომმა, რომელსაც 2015-2016 წლებში ნავთობის ფასების ვარდნა მოჰყვა, დარგის მუშაკთა 30%-ით შემცირება გამოიწვია. – წერს კონსალტინგური ფირმა Rystad Energy. – ამჟამად ნავთობის მრეწველობა კორონავირუსის ეპიდემიის დამატებით ეფექტს შეეჯახა“. შედეგად – წლის მიწურულს სამუშაოს დაკარგავს ყოველი მესამე ამერიკელი მენავთობე.

„დღევანდელი ფასებით ჩვენ დავინახავთ აშშ-ში ფიქალური ნავთობის წარმოების მნიშვნელოვან ვარდნას, ეს ეჭვგარეშეა“, – აღიარა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფათიჰ ბიროლმა და დასძინა, რომ ამერიკის ნავთობის მრეწველობას „უზარმაზარი გასაჭირი“ ელის.

„ფიქალური ინდუსტრია დაინგრევა“, – ასკვნის ნავთობისა და გაზის საქმეთა პროფესორი ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან მარშალ უოტსონი.

განაკვეთი იზრდება

ფიქალური ნავთობის მრეწველების გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ოპეკისა და რუსეთის ნავთობის ომის დასრულებას შეუძლია. ვინაიდან მრავალრიცხოვანი ამერიკული სანქციების შემდეგ ყველანაირი კონსტრუქციული დიალოგი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამ თემაზე შეუძლებელია, ტრამპის ადმინისტრაციამ კურსი საუდის არაბეთზე აიღო.

წინა ორშაბათს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუიეტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იხილავს საუდის არაბეთთან ნავთობის ალიანსის შექმნის შესაძლებლობას „რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაუფასურების შემდეგ ფასების სტაბილიზაციის მიზნით“. ფორმულირებიდანაც ნათელია, რომ ვაშინგტონის მთავარი პირობა - კოტირებების შემცირების შეწყვეტა, ანუ არაბების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებაა. 

მენავთობე ნიღბით - Sputnik საქართველო
ნავთობის ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის კარხი: ვინ გამოვა გამარჯვებული

სამშაბათს ჟურნალ Politico-ში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი დაუკავშირდა საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს და მოსთხოვა მას, არ დაეზარალებინათ ამერიკელი მენავთობეები. „ნავთობის ფასი სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს“, - მიუთითა თეთრი სახლის ლიდერმა.

გასულ ოთხშაბათს კი ბინ სალმანს დაურეკა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც, ესაუბრა მას „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე“.

„სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს, როგორც „დიდი ოცეულის ერთ-ერთ წამყვან მონაწილესა და გავლენიან ენერგეტიკულ ლიდერს, მსოფლიოს ენერგეტიკული და ფინანსური ბაზრების დამშვიდების რეალური შესაძლებლობა აქვს, როდესაც მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური განუსაზღვრელობის წინაშე დგას“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

სააგენტო Bloomberg-მა პომპეოს ამ საუბარს არაბ პრინცთან უწოდა „აშშ-ის ყველაზე პირდაპირი ჩარევა საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ფასების ომში“.

ბოლო სიტყვა რუსეთის ეკუთვნის

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ბოლოსდაბოლოს არაბებს დათმობა მოუწევთ. და საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ ვაშინგტონს ერ-რიადზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი აქვს: კონგრესმენებმა უკვე არაერთხელ წამოჭრეს არაბების წინააღმდეგ სანქციების წამოჭრის საკითხი - ჟურნალისტ ჰაშოგის მკვლელობის გამო, იემენის ომის გამო, ბირთვული პროგრამის მეტისმეტად აქტიურად განვითარების გამო.

გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება გახდეს ის, რომ საუდის არაბეთის გეგმები, მკვეთრად გაზარდოს ნავთობის ექსპორტი შემცირებული ფასების კომპენსაციის მიზნით, ჩვენს თვალწინ ინგრევა. გაზეთი The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერ-რიადი მყიდველებს ვერ შოულობს: აშშ-სა და ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, დემპინგის მიუხედავად, უარს ამბობენ ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენაზე.

ამასთან, არაბების ხრიკები მოსკოვის წინააღმდეგ ფაქტობრივად პეკინმა ჩაშალა: როგორც გერმანული საქმიანი გამოცემა WirtschaftsWoche წერს, მარტში ჩინეთმა რუსეთისგან შეიძინა ნავთობის რეკორდული რაოდენობა - 1,6 მლნ ტონა.

ასე რომ, საუდის არაბეთს, რომელმაც უკვე შეკვეცა სახელმწიფო ბიუჯეტი, უბრალოდ არ აქვს გამოსავალი. ერ-რიადი კურსის ცვლილებისთვის ემზადება: როგორც დასავლური მასმედია არაბ მოხელეებზე დაყრდნობით იუწყება, ოპეკის ივნისის სხდომაზე ნავთობის მოპოვების დღეში 6 მლნ ბარელით შემცირების საკითხს განიხილავენ (მარტში საუბარი იყო 3,6 მლნ-ზე).

თუმცა ამ ყველაფერს რუსეთის გარეშე აზრი არა აქვს. საკითხავი ახლა ის არის, რას შესთავაზებენ ერ-რიადი და ვაშინგტონი მოსკოვს ნავთობის ომის დასრულების სანაცვლოდ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

ყველა ახალი ამბავი
0