ალექსეი მასლოვი
უშუალო დამოკიდებულება თითქოს აშკარაა: ჩინეთში წარმოების 40–60 პროცენტით შემცირება და ექსპორტის მკვეთრი შემცირება, ენერგოპროდუქტებზე ჩინეთის, როგორც „მსოფლიო ფაბრიკის“ მოთხოვნის ვარდნა, მსოფლიოს მსხვილ ქვეყნებში კარანტინები და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა და როგორც შედეგი – დომინოს პრონციპით ნავთობის ფასების ვარდნა. მაგრამ რატომღაც ისე ჩანს, რომ ეპიდემიამ მხოლოდ სტიმული მისცა იმას, რაც უკვე დიდი ხანია მზადდებოდა.
ნავთობზე ფასები მანამდეც ეცემოდა კრიტიკული სამხედრო მოვლენების გამო: 1991 წლის 17 იანვარს ნავთობის ფასი 34,8%-ით დაეცა სპარსეთის ყურეში დაწყებული ომის ფონზე; ფასები დაეცა 2001 წლის სექტემბერ–ნოემბერში აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული შეტევის გამო. მაგრამ ამჯერად ფასები ეცემა მშვიდობიან დროში და ის რუსეთის OPEC+-ის შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ვარდნას აქტიურად ასტიმულირებდა სხვა ძალა, არის „ხელით ქმნილი“ და არანაირად არ უკავშირდება კორონავირუსის გავლენას ან ჩვეულებრივ ეკონომიკურ ფაქტორებს.
ამ ვითარებაში არიან გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რამდენად შეეხება ნავთობის ფასების რყევა რუსეთის პარტნიორებს ნავთობისა და გაზის სექტორში, უპირველესად კი ჩინეთს. რუსეთ–ჩინეთის ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობა გარკვეულწილად დაცულია გრძელვადიანი კონტრაქტებით, მაგრამ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორიცაა ვირუსული პანდემია, ბევრი გარიგება შესაძლოა გადაიხედოს, მაგალითად, იმ ნაწილში, რომ ჩინეთი უფრო ნაკლებ ნავთობსა და გაზს აირჩევს, რაც რუსეთის ნავთობშემოსავლებზე აისახება.
აშშ-ს ნავთობზე ფასების ხანგრძლივი ვარდნა არ აწყობს, ვინაიდან ეს დაახლოებით 40 დოლარად ღირებული ფიქალური ნავთობის მოპოვებას ჩამოშლის. ახლანდელი ფასები ასევე არახელსაყრელია საუდის არაბეთისთვისაც, რომლის ბიუჯეტიც ნავთობზე 65 დოლარის (და მეტი) გაანგარიშებით იგება.
სამაგიეროდ შესამჩნევ მოგებაში არიან ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენის შანსი ეძლევათ და ამით საკუთარი ეკონომიკის აღდგენას აიოლებენ.
როგორც წესი, ნავთობზე ფასების ვარდნა სტიმულს აძლევდა აზიური ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და ეს ამჯერადაც მისცემს მთავრობებს შესაძლებლობას, დაიწყონ სტიმულირების ფისკალური ღონისძიებები. თუმცა ახლანდელ პირობებში იაფი ნავთობის უპირატესობა, შესაძლოა, ბევრად მეტად ზომიერი გამოდგეს კორონავირუსის გამო სამომხმარებლო მოთხოვნის შესუსტების გამო.
აშკარაა ისიც, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა გავლენას მოახდენს მალაიზიისა და ინდონეზიის ბიუჯეტებზე — აზიის რეგიონში ნავთობის ექსპორტიორ ორ ქვეყანაზე, და შეზღუდავს მათ შესაძლებლობებს, ჩართონ ეკონომიკის გამოცოცხლების ფინანსური სტიმულები.
ამ საკითხს სხვა მხარეც აქვს. ნავთობზე ფასების ვარდნა პრაქტიკულად უსარგებლოს ხდის ალტერნატიულ ენერგეტიკას, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიებს. და სწორედ ეს საკითხია ძალიან არსებითი ჩინეთისთვის.
ენერგიის ალტერნატიული წყაროები ბოლო დროს ჩინეთის მიერ განიხილებოდა როგორც არა მარტო ახალი „სუფთა“ ეკონომიკის შექმნის მეთოდი, არამედ როგორც ენერგეტიკის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორებისგან „ჩახსნის“ საშუალება. პრინციპში, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების ზრდა მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ზრდიდა ჩინეთის გავლენას, რომელიც, მოითხოვდა რა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდას, ნავთობის მსხვილი ექსპორტიორების გავლენას ძირს უთხრიდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ, მიუხედავად უზარმაზარი კაპიტალდაბანდებებისა, ჩინეთს უახლოეს მომავალში ამის გაკეთება არ გამოუვა.
ჩინეთი მზის ბატარეების, ქარის ტურბინების, აკუმულატორებისა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში. ქვეყნის მეცამეტე ხუთწლიანი გეგმა (2016-2020) ელექტროენერგიის სფეროში მიმართულია არაწიაღისეული საწვავის წილის გაზრდისკენ ელექტროენერგიის წარმოებაში. 2020 წლისთვის ის 35-დან 39 პროცენტამდე უნდა გაზრდილიყო. ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული სამმართველო და განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომიტეტი 360 მლრდ დოლარის ჩადებას გეგმავდნენ ენერგიის განახლებადი წყაროების შემუშავებასა და 13 მლნ სამუშაო ადგილის შექმნაში 2020 წლისთვის.
ჯერ კიდევ ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მსჯელობას პოზიტიური რომანტიზმის ელფერი დაჰკრავდა. მოხსენებაში „ახალი სამყარო: ენერგიის ტრანსფორმაციის გეოპოლიტიკა“, რომელიც 2019 წლის იანვარში იყო წარმოდგენილი, ამტკიცებდნენ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდის გეოპოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური შედეგები შესაძლოა ისეთივე ღრმა აღმოჩენილიყო, როგორც ეს ორი საუკუნის წინ მოხდა წიაღისეულ საწვავზე გადასვლისას. მოსალოდნელი ცვლილებები მოიაზრებდა ახალი ენერგეტიკული ლიდერების გამოჩენას მსოფლიოში, ვაჭრობის სტრუქტურის შეცვლასა და ახალი ენერგეტიკული ალიანსების განვითარებას. ასევე „ნახშირწყალბადოვანი ქვეყნების“ არასტაბილურობასა და სხვ. ფიქრობდნენ, რომ ჩინეთი თავისი ენერგეტიკის ტრანსფორმაციით გამარჯვებული დარჩებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ვინაიდან უკვე ეკავა ლიდერის პოზიცია არა მარტო წარმოებაში, არამედ ინოვაციებსა და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვაში: 2017 წელს ენერგიის განახლებად წყაროებში ინვესტიციებმა ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ინვესტიციების 45% შეადგინა.
ამ დროისათვის ევროპა, ჩინეთი და იაპონია ძლიერ არიან დამოკიდებული წიაღისეული საწვავის იმპორტზე, მაგრამ ენერგიის განახლებადი წყაროების წილის ზრდის კვალდაკვალ მათი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შეიძლებოდა გაზრდილიყო. იაპონია ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანაა: წიაღისეული საწვავის მისი წმინდა იმპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს შეადგენს. სამხრეთ აზია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს ხარჯავს წიაღისეული საწვავის სახეობების იმპორტზე. თეორიულად, იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტირებული წიაღისეული სახეობებიდან ქვეყნის შიგნით წარმოებულ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადადიან, მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს სავაჭრო ბალანსი.
ჩინეთი აქტიურად იწევდა ენერგიის ახალი წყაროებისკენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2017 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში ხუთიდან ოთხ უმსხვილეს გარიგებას ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ ჩინური კომპანიები დებდნენ. ჩინეთი ფლობს ექვსიდან ხუთ უდიდეს მზის მოდულს მწარმოებელი კომპანიებისათვის და ასევე ქარის ტურბინების მსოფლიოში უმსხვილეს წარმოებას.
ჩინეთის წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, უპირველესად, მონაცემთა შენახვისა და დამუშავების კუთხით, უკვე დიდი ხანია დაიწყეს ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა.
ჩინეთი ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას სხვა მიზეზითაც გეგმავდა. ეს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლა იყო. RAND Corporation-მა ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა 2012 წელს ჩინეთს 535 მლრდ დოლარი დაუჯდა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ალტერნატიული ენერგეტიკის უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში, 2018 წელს ელექტროენერგიის წარმოებაში ქარის ენერგია მხოლოდ 5,2%-ს, მზის ენერგია კი 2,5%-ს შეადგენდა. განახლებად ენერგეტიკაში პრობლემები ჩინეთს ამერიკა–ჩინეთის სავაჭრო ომის პარალელურად დაეწყო 2018 წლის შუა პერიოდში. თავად ბატარეების უზარმაზარი მინდვრების მოწყობა, რომელიც მზის ენერგიის გენერირებას ახდენს, მეტად ძვირი საქმე გამოდგა. დაიწყო სუბსიდიების შემცირება ქარისა და მზის ენერგეტიკაში. ამასთან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა იმის ფინანსირება, რასაც ის „ახალი ენერგიის“ მიღებას უწოდებს — ანუ ფიქალური გაზის მოპოვებასა და მეთანის გამოყოფას ნახშირიდან.
ამგვარად, ახლანდელი სიტუაციის პარადოქსი არის შემდეგში: ჩინეთს ტრადიციულ ენერგომატარებლებზე დაბალი ფასი ისე ესაჭიროება, როგორც არავის სხვას. მთელი მსოფლიო ელოდება სწორედ ჩინური ეკონომიკის აღდგენას. კორონავირუსის ქვეყნის შიგნით სწრაფად დამარცხების შემდეგ ქვეყნისადმი ნდობაც თანდათან ბრუნდება. მთელი მსოფლიოს ეკონომიკის აღდგენას ბევრი სწორედ ჩინური წარმოების განახლებასა და ჩინეთის მოთხოვნის ზრდას უკავშირებს. ამის გაკეთება კი ნავთობზე მანამდე არსებული ფასების პირობებში ძალიან რთული და ძვირი იქნებოდა.
მაგრამ ალტერნატიულ ენერგიაზე შემდგომი გადასვლის გეგმა — დაე, ხანგრძლივი და მტკივნეული — რომელიც ეტაპობრივად, თუნდაც ნაწილობრივ, გამოიყვანდა ჩინეთს ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული მდგომარეობიდან, დიდი ხნით დაიმარხა. ჩინეთს ძველ მოდელებზე დაბრუნება მოუწევს.
თუმცა, ნავთობის ახალი ფასი ძალიან აწყობს ჩინეთს, ის უზარმაზარ ბონუსს იღებს, რაც მას საშუალებას მისცემს, „განახლდეს“ მინიმალური დანაკარგებით.
მთლიანობაში, 2020 წლის პირველ ნახევარში, აშკარაა, რომ კორპორატიული ვარდნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება, რასაც მერე მკვეთრი ნახტომი მოჰყვება — როგორც ეკონომიკის აღდგენის ფორმა. ამან 2020 წლის გლობალური შემოსავლების ზრდის პერსპექტივები შეიძლება ზომიერად ნეგატიური გახადოს. და ამ ფონზე აზიური ბაზრები, რომლებიც იაფი ენერგიის ძირითადი ბენეფიციარები არიან, უფრო მდგრადები და წარმატებულები აღმოჩნდებიან, ვიდრე ექსპორტიორი ქვეყნების ბაზრები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს