თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში შემავალმა ქვეყნებმა — ერაყმა და ქუვეითმა საუდის არაბეთის მაგალითს მიბაძეს და აპრილში ნავთობზე ფასების დაწევა გადაწყვიტეს, წერს Bloomberg-ი.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეს მოსკოვსა და ერ–რიადს შორის ნავთობზე ფასების ომის ფონზე მოხდა.
ირანი Basrah Light-ის მარკის ნავთობს 5 დოლარით აიაფებს ერთ ბარელზე, Saudi Aramco — 6 დოლარით ამცირებს ფასს Arab Medium-ის მარკაზე, ხოლო ქუვეითის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა კორონავირუსის გამო აშშ-ის მიერ ევროპასთან საზღვრების დროებითმა დაკეტვამაც გამოიწვია.
12 მარტის დილის 09:07 საათისთვის (თბილისის დროით) მაისის ფიუჩერსების* ფასი Brent-ის მარკის ნავთობზე 4,67%-ით დაეცა და 34,12 დოლარი შეადგინა ბარელზე. აპრილის ფიუჩერსების ფასი WTI-ს მარკაზე 4,64%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 31,45 დოლარს გაუტოლდა. ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ევროპასთან საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გახდა ცნობილი, ნავთობზე ფასების გაიაფება კიდევ 5%-ით მოხდა.
მანამდე, 9 მარტს ნავთობზე ფასები 30%-ით ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც OPEC+-ის წევრი ქვეყნების შეთანხმება არ შედგა. მაშინ Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 2016 წლის იანვრის მინიმუმს გაუტოლდა, რაც პირველად მოხდა 1991 წლის შემდეგ.
ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად.