თბილისი, 12 მარტი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო 13 მარტიდან აშშ-ში ევროპის ქვეყნებიდან შესვლა 30 დღით აიკრძალება, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ახალი წესები ძალაში პარასკევს, შუაღამით შევა“, — განმარტა პრეზიდენტმა.
როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროში განმარტეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებმაც შენგენის ზონაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეს. ევროპიდან შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვა არ გავრცელდება პირებზე, რომლებიც მუდმივად და კანონიერად ცხოვრობენ აშშ-ში, ამერიკის მოქალაქეების უახლოეს ნათესავებსა და ზოგ სხვა პირზე.
უწყების განცხადებაში ჩამოთვლილია ქვეყნები, საიდან შესვლაც აშშ-ში დროებით აიკრძალება. ესენია: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 1 312 კაცს მიაღწია. აქედან გარდაცვლილია 38, განკურნებულია – 8.
სულ მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 116 ქვეყანაში 126 258 ადამიანს აღწევს, აქედან გარდაცვლილია 4638 ადამიანი და განკურნებულია 68 284 პაციენტი.