თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის კონტაქტი დაახლოებით 1,7 ათას აღწევს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ.
მარნეულში მასობრივი ინფიცირება, რომლის მოსახლეობის 80%–ს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მოხდა. ამასთან დაკავშირებით 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი შემოიღო.
აღნიშნული შემთხვევა ეპიდემიოლოგებმა შიდა გავრცელებად შეაფასეს, რომელიც შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს.
ზოიძის თქმით, 1,7 ათასი კონტაქტიდან 90 – უშუალოდ ინფიცირებულთან კონტაქტია.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა - 8, კარანტინის რეჟიმში - 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, სამხედრო ტექნიკა, ცოცხალი ძალა, სპეცტექნიკითა და კარვებით დატვირთული სატვირთოებია შეყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვითარებას გააკონტროლებს, თავდაცვის ძალები კი პალიციასთან კოორდინაციით სპეციალურ საკონტროლო–გამშვებ პუნქტებს გააკონტროლებს.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ორივე რაიონის მცხოვრებლებმა არ დატოვონ ტერიტორია.
მედპერსონალი ადგილობრივებისთვის შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირების გამოვლენის მიზნით, კარდაკარ დაივლის მოსახლეობას – პირი, რომელსაც ტემპერატურა აღნიშნება, კარანტინში გადაიყვანენ.
მარნეულში მოსახლეობის რაოდენობა 130,6 ათასია, აქედან 83,77% აზერბაიჯანელია. ბოლნისში კი მოსახლეობის რაოდენობა 78,9 ათას ადამიანს შეადგენს, მათგან აზერბაიჯანელი 63,38%–ია.