თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ინფიცირებულის ახალ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, საღამოს გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში წუხელ ღამით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.
ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტი გადის მკურნალობას. 5 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში აუღებენ.
კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია>>
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.