თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოში შეკერილი სამედიცინო პირბადეები უფასოდ გადაეცემათ მარტოხელა პენსიონერებსა და მომატებული რისკის მქონე პროფესიების წარმომადგენლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
თბილისის მერია ხანდაზმულ მოქალაქეებს საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდის>>
საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება 19 მარტიდან დაიწყო. პროგრამაში ათამდე სამკერვალო ჩაერთო, მათ შორის, რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საჭირო მასალა შემოაქვთ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული წარმოების ტემპის გაზრდისთვის ყველაფერი კეთდება.
„ჩვენ უმოკლეს დროში მოვახერხეთ და წამოვიწყეთ ეს წარმოება, რომელიც ადრე არ გაგვაჩნდა. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პირბადეების წარმოების ტემპი მაქსიმალურად გავზარდოთ. პირბადეებზე მოთხოვნა და მწვავე დეფიციტი წარმოიშვა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ახლავს პირბადეებისთვის საჭირო მასალების შემოტანას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და პირბადეები ხელმისწავდომი იყოს საზოგადოების ფართო ფენისთვის“, - აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, პრიორიტეტი მიენიჭება 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. მათ უფასოდ დაურიგდებათ პირბადეების პირველი პარტია.
„გარდა ამისა, არის ისეთი კატეგორიები, ეს არის პოლიცია, ეს არის მებაჟეები და სხვა კატეგორიის და პროფესიის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება რისკის კატეგორიებთან. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო ქსელებში – კონსულტანტები, მოლარეები და მათზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ პირბადეებს დავარიგებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.