თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქვეყანაში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს, რომელიც პერმანენტულად ივსება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საკოორდინაციო საბჭო: სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს>>
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება.
ჩიქოვანის განცხადებით, გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ გარკვეული შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე, მაგრამ ეს არაა არსებითი პრობლემა.
„ეს პრობლემა ერთ-ორ დღეში იქნება ამოწურული და შეფერხებებს არ ველოდებით. ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესთან. მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ მთლიანი პროცესის მართვას და დიდ გამოწვევებს არ ველოდებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, დაიწყოს ბიზნესთან კოორდინაცია, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს და ფასების მერყეობა არ აისახოს მოქალაქეებზე.
კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები>>
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.