თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის საკმარისი მარაგია და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება.
„გუშინ შევხვდი სავაჭრო ობიექტების, მათ შორის, სასურსათო სავაჭრო ობიექტების, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს და შექმნილ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. დავრწმუნდი იმაში, რომ ქვეყანაში არსებობს ჩვეულებრივი მარაგი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი სიტყვებით, ყველა მაღაზია ჩვეულებრივ რეჟიმში მარაგდება და პროდუქციის მოწოდების პრობლემა არ არის.
„ძალიან ხშირად ივსება საწყობები. მოწოდება საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების საქონლის ხდება უწყვეტად და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მარაგი არ შეწყდება. მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საზღვარი მხოლოდ მოქალაქეებისთვის არის დაკეტილი და ეს აკრძალვა არ ეხება ტვირთებისა და საქონლის შემოტანას.
„რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამ თვალსაზრისით მთლიანად რეგიონის ქვეყნები კოორდინაციაში ვართ“, – განაცხადა თურნავამ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველომ უკვე შეწყვიტა ავიამიმოსვლა ირანთან, იტალიასთან, ჩინეთთან, დაკეტა სახმელეთო საზღვარი ირანის მოქალაქეებისთვის, რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ქვეყნებთან საზღვარი 10 დღით დაიკეტა.