კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები

© Sputnik / Alexander Imedashviliდედაქალაქის ერთ-ერთი აფთიაქი
დედაქალაქის ერთ-ერთი აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  საქართველოში სურსათსა და მედიკამენტების სავაჭრო ობიეტების დახლებიდან გაქრობა უახლოეს მომავალში მოსალოდნენლი არ არის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამ მოსახლეობის ნაწილში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ მიაწყდნენ ადამიანები მარკეტებს  საკვებ პროდუქტების დიდი რაოდენობით მოსამარაგებლად.

„შევედი ჩემი უბნის მარკეტში და ვიამაყე ჩემი მეზობლებით“, „ფრესკოში ჰიმნიც აღარ დატოვეს“, „საპონი შეიძინეთ, საპონი, ზეთი, შაქარი და პური არ გიშველით” -  წერდნენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში.  

მართალია პროდუქტები დახლებიდან არ გამქრალა, მაგრამ შეიქმნა დეფიციტი ჩინურ ნაწარმზე და გაჩნდა ნეგატიური მოლოდინები სურსათის, წამლების და პირველადი მოხმარების ნივთის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის  პრეზიდენტის ივა ჭყონიას აზრით საქართველოში დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„პანიკის საფუძველი არა თუ არ არსებობს, ვთვლი რომ ძალიან არასერიოზულია ამაზე საუბარი. სადისტრიბუციო კომპანიებს და მწარმოებლებს ყოველთვის აქვთ მარაგები და სულ რომ ბლოკადაში მიექცეს ჩვენი ქვეყანა  თვენახევრით  თუ ორი თვით,  საკმარისი მარაგები ყოველთვის იქნება,“-აღნიშნა ივა ჭყონიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

ივა ჭყონიას განმარტებით, მარაგი არის იმაზე მეტი, ვიდრე სრულიად საქართველოს მოსახლეობას წარმოუდგენია. სერიოზული კომპანიები ყოველთვის აკეთებენ მარაგებს და ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაც არის.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„მე რომ დამავირუსოს ვინმემ და მე ჟურნალისტები დავავირუსო, ჩემი ბრალი იქნება?“ - გვარამია

„პროდუქტების იმდენი სახეობაა, ნეტა გაიყიდოს, არაფერზე დეფიციტი არ არსებობს. მაგალითად ზეთი რომ ავიღოთ,  „ოლეინა“ გათავდება იქნება „ჩუმაკი“, „ჩუმაკი“ გაიყიდება,  იქნება „მზიური“ და აშ. ანუ ალტერნატივა ყოველთვის არის.  მაგალითად,  არ შემოდის „ჰუავეის“ ტელეფონები და შეიძლება ჩინური დამტენი ვერ იშოვოს ვიღაცამ და ვერ იყიდოს 15 ლარად მაგრამ ალტერნატივაში არის 80 ლარიანი და ვიღაცეები ამაზე ხელს მოითბობენ კიდეც“- აღნიშნა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება ფასების გაძვირებას ივა ჭყონიას აზრით, დღეს ქვეყანაში არც ამის საფუძველი არსებობს. მისი თქმით,  მაგალითად, მარტო „ნატახტარის“ ლიმონათი და „ვაკის“ სოსისი, რომ იყოს, შეიძლება რაღაც გათავდეს,  ვიღაცამ ეს გამოუშვას და ძვირად გაყიდოს. 

„ასეთი რამ ხდებოდა გასული საუკუნის 90- იან წლებში,  იმის მერე სამი მთავრობა გამოვიცვალეთ და პრეტენზია გვაქვს, რომ მსოფლიო რუქაზე გამოვჩნდით და თუ ისევ წარშულში ვბრუნდებით არ ვიცი“- აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ნიკა შენგელიას თქმით, საქართველოში პროდუქტები ძირითადად შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ეპიცენტრი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ვითარება უჰანში

მისივე თქმით, 2020 წლის იანვარში, საქართველოში 619, 8 მილიონი აშშ დოლარის  პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 596, 2 მლნ აშშ დოლარი იყო. ზოგადად  მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზე მთლიანი იმპორტის დაახლოებით  35% მოდის.

„მარაგების შევსებაზე ფიქრი სავარაუდოდ მარტის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება ფასებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტსა და აპრილში სასტუმროებში ტურისტების მიერ გაკეთებული ჯავშნების  90% მოიხსნილია,  ვალუტაზე ეს სადღაც მაისის თვიდან უნდა აისახოს,  ვგულისხმობ დოლარზე მოთხოვნის ზრდას, რის შედეგადაც მაღალი ალბათობით ლარის კურსი დაიწყებს შესუსტებას, რაც თავის მხრივ აისახება სასურსათო პროდუქციის ფასზეც “- აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა შექმნილი ატმოსფერო დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა. ვითარების გამწვავებისა და ეპიდემიის ესკალაციის შემთხვევისთვის კი, საქართველოს სავაჭრო ინდუსტრიის სფერო მოქმედების გეგმას უნდა ფლობდეს.

„ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების მექანიზმები. დადგენილი უნდა ჰქონდეს მიმწოდებლების მიერ პირველ რიგში მისაწოდებელი პროდუქტების ასორტიმენტი, ასევე  შეთანხმება უნდა ჰქონდეს მიღწეული იმ პოტენციურ ორგანიზაციებთან, რომლებიც პრიორიტეტული პროდუქტების დეფიციტის შევსების რესურსი აქვთ„ - განუცხადა რატი აბულაძემ Sputnik საქართველოს.

მისივე თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში სურსათისა და მედიკამენტების პრობლემა შემდეგშიც არ შეიქმნას, ხელისუფლება ყველა დარგის წარმომადგენლებთან კომპლქსურად უნდა მუშაობდეს.  

რიგები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0