თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო დავალება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო საწარმოების განვითარების მიმართულებები შეიცვალოს იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოების საქონლით, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.
კორონავირუსის გამო მსოფლიოში შემცირდა პროდუქციის წარმოება. ამის გამო ექსპერტები მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში საქონელბრუნვის შემცირებას ელოდებიან. ამას გარდა, კორონავირუსის ფონზე საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, იხურება კომპანიები. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გეგმაზე მუშაობს.
„განსაკუთრებით უნდა განვითარდეს იმ პროდუქციის წარმოება, რომლის იმპორტი ხდება და რომელზეც დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღესდღეობით, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობა უახლოეს დღეებში უკვე წარმოადგენს იმ დარგების ნუსხას, რომელთა განვითარებასაც გეგმავს იმპორტის ჩანაცვლების კუთხით, და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმოები ამ მიმართულებებით განვითარდებიან.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 216 პაციენტია.