გახარია: კორონავირუსის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იყოს მინიმიზირებული

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ კორონავირუსი მცირედ, მაგრამ მაინც უკვე აისახა ქართულ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით – ტურიზმის სფეროზე.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა კორონავირუსის ნეგატიური ზეგავლენა ქვეყანაზე მაქსიმალურად შემსუბუქდეს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას.

როგორ აისახა კორონავირუსი საქართველოს ტურიზმზე>>

სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხია კორონავირუსის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. გახარიას განცხადებით, კორონავირუსმა მცირეოდენ, მაგრამ მაინც უკვე მოახდინა გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„დღეს განვიხილავთ კორონავირუსის ზემოქმედების შემსუბუქებას, პირველ რიგში – ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული, მცირედი ზეგავლენა, ჯერჯერობით, დღევანდელი დღისთვის, ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ტურიზმთან", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობა ყველა მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს გამოიყენებს როგორც მონეტარული, ისე ფისკალური თვალსაზრისით.

კორონავირუსის საფრთხე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

„მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა", – თქვა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დავალება უკვე მისცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. უწყება უახლოეს დროში შეხვედრებს გამართავს ტურიზმის სფეროს და ყველა იმ დარგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ მიმართულებასთან კავშირში არიან. ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები და საქართველოს ეროვნული ბანკი გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამ ვირუსის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე მინიმიზირებული იყოს, განაცხადა გახარიამ.

5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში უკვე ოთხ ადამიანს დაუდგინდა: ორი ირანში იმყოფებოდა და ორიც – იტალიაში, მეოთხე შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

Выставочный центр ExpoGeorgia - Sputnik საქართველო
თბილისში კორონავირუსის საფრთხის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გადაიდო

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

გამყრელიძე: არ დაუშვათ სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0