თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
კორონავირუსი და გლობალიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თეზისები>>
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში კვირას იტალიიდან შემოვიდა და მაშინ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ის 44 წლის მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„მას განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. გუშინ, დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ლაბორატორიულად გუშინვე, გვიან ღამით დადასტურდა დადებითი შემთხვევა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.
ამგვარად, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს – იტალიაში.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ ჩინეთის შემდეგ პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.