საქართველოს პარლამენტი ჟურნალისტებისთვის ახალ წესებს შემოიღებს

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში მუშაობისას ჟურნალისტები დეპუტატებისგან ინტერვიუს აღებას მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე და გარკვეული დისტანციის დაცვით შეძლებენ.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში ახალი წესებით მუშაობა მოუწევთ.

ინფექციონისტები: კორონავირუსის შემდგომი ტალღა იქნება უფრო მასშტაბური, მაგრამ სუსტი >>

კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტები რესპონდენტების ჩაწერას შეძლებენ იმ ლოკაციებზე, სადაც სპეციალური ტრიბუნებია დამონტაჟებული. ეს ზომები მასმედიის წარმომადგენლებსა და რესპონდენტებს შორის აუცილებელი დისტანციის დაცვას შეუწყობს ხელს.

მასმედიის წარმომადგენლები დროებით არ დაიშვებიან პლენარულ სხდომებზე. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იწარმოებს. სიგნალის შეყოვნების შემთხვევაში კი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მასმედიას აუცილებელ ინფორმაციასა და კადრებს მიაწვდის.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში მუშაობას შეძლებს ერთი მედიასაშუალების არაუმეტეს ორი სამუშაო ჯგუფი.

პარლამენტის შენობაში პრევენციული ღონისძიებების სახით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. შესასვლელთან დამონტაჟებულია დოზატორები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით. კანონმდებლები და პარლამენტის თანამშრომლები ინფორმირებული არიან ყველა აუცილებელი ზომის შესახებ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პარლამენტში მისვლა ეკრძალებათ თანამშრომლებსა და დეპუტატებს, რომლებიც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში და მათი ჩამოსვლიდან არ არის გასული ორი კვირა, ასევე იმათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ამ ტიპის ქვეყნებში ნამყოფ პირებთან. მათ ორკვირიან თვითიზოლაციას ურჩევენ.

16 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ ჩაკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა ასევე რუსეთთან. თურქეთის საზღვარზე კი მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ჩაკეტილი.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: დღეს საქართველოს მთავრობის სოლიდარული უნდა ვიყოთ

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0