საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტმა უკვე დატოვა ინფექციური საავადმყოფო, თუმცა ის ორი კვირის განმავლობაში მაინც თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთი უკვე გაწერეს, განუცხადა კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

„პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს, რომელიც დღეს მოვიდა ლუგარის ცენტრიდან და ის არის უარყოფითი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო
როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ და როგორ დავხვდეთ კორონავირუსს მზადყოფნაში

ცერცვაძის განმარტებით, გაწერილი პაციენტი კიდევ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს. ეს  გადაწყვეტილება ქართველმა ინფექციონისტებმა ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს, რადგან იქ იყო შემთხვევები, როდესაც გაწერილ პაციენტებს ვირუსი მოგვიანებით ხელმეორედ დაუდგინდათ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, შესაძლოა, ხვალ კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს, თუ ლუგარის ლაბორატორიიდან განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი, ამათგან 28 ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, დანარჩენებიდან 3 საჩხერეში, ხოლო 2 იმ კლინიკებშია, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად მიმღებად არის დასახელებული.

„14 ანალიზის პასუხს ველოდებით ლუგარიდან გვიან ღამით და არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებული არის არამხოლოდ პირველი პაციენტი, რომელმაც კორონავირუსზე გაიმარჯვა, არამედ COVID-19-ით პირველი ინფიცირებული პირი საქართველოში.

55 წლის მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით 26 თებერვალს ჩამოვიდა. რამდენიმე დღის წინ პაციენტს ჩაუტარდა რამდენიმე ლაბორატორიული ტესტი, რომლებმაც უარყოფითი შედეგი აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0