თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს 50 წლის მოქალაქის ტესტმა, რომელსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში პირველს დაუდასტურდა, 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა, იუწყება ქართული მედია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, აღნიშნული პირი კვლავ კლინიკაში რჩება, რადგან ინფექციის გამავრცელებლად მიიჩნევა. 50 წლის მამაკაცს ახალი ტესტი გუშინ, ინფექციის დადასტურებიდან 2-კვირიანი ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარდა.
„ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია სხეულში ჯერ კიდევ რჩება. შესაბამისად, პაციენტი ვერ ტოვებს კლინიკის ბოქსირებულ პალატას, რადგან ვირუსის გამავრცელებლად ითვლება", - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.
მათი განმარტებით, მამაკაცს ტესტი კიდევ ჩაუტარდება, რომლის პასუხთან დაკავშირებითაც განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა>>
დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.